LIVE

ფეროშენადნობების ასოციაცია: ქვეყნის ევროპული არჩევანი ცალსახაა

07 მარ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 384
ფეროშენადნობების ასოციაცია: ქვეყნის ევროპული არჩევანი ცალსახაა

ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანი ცალსახაა და ამაზე კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს.

როგორც მან "ბიზნეს ფორმულას" უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის შეფასებისას განუცხადა, დასავლელი პარტნიორების აზრი უნდა გავითვალისწინოთ.

"მეტხანს უნდა ყოფილიყო საჯარო განხილვები, ყველას აზრი უნდა გათვალისწინებულიო და ასე ნაუცბადევად არ უნდა მომხდარიყო კანონპროექტის შემუშავება. ვხედავთ, რომ არასამთავრობო სექტორი გაკვირვებული და შეშფოთებულია. ამ კანონმა შესაძლოა ისეთი რამ გამოიწვიოს, რაც უფრო დაგვაზარალებს, ვიდრე სიკეთეს მოიტანს." - აცხადებს "ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნუგზარ კევლიშვილი.

"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა "ხალხის ძალამ" პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტები დაარეგისტრირა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.