
მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატის თქმით, როგორც ჩანს, რუსეთი წარმატებით უვლის გვერდს ევროპის მიერ დაწესებულ სანქციებს, რათა უზრუნველყოს ომისთვის მნიშვნელოვანი ნახევრად გამტარების, ჩიპებისა და სხვა ტექნოლოგიების მიღება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებში წარმოებული ჩიპები რუსეთში, სავარაუდოა, რომ მესამე ქვეყნების გავლით ხვდება. დიპლომატმა მიუთითა ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყაზახეთი.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ, მისი საომარი მანქანის შესასუსტებლად, სანქციების მრავალი პაკეტი დააწესეს, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ზოგიერთ სფეროში სანქციების ეფექტიანობა უფრო დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო: “მხოლოდ ახალ სანქციებზე ხელმოწერა საკმარისი არ არის” - განაცხადა დენიელ ტანებაუმმა, გლობალური ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკის ლიდერმა და თავის განცხადებას დაამატა, რომ “მთავრობებს ახლა აღსრულების მექანიზმების გაძლიერება ესაჭიროებათ”.
სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება რუსეთში გაიზარდა ჩინეთიდანაც. ევროკავშირის გარეთ სახელმწიფოების დიდ ნაწილს ინდივიდუალური სანქციები არ დაუდია რუსეთისთვის, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ კრემლს არ ეხმარებიან. სანქციების გავლენით, საერთაშორისო საფინანსო და სავაჭრო სისტემებიდან რუსული ბანკები და კომპანიები მოხსნილია. მიუხედავად ამისა, ჟენევაში დაფუძნებული Trade Data Monitor-ის მიერ შეგროვებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ზოგიერთი სანქცირებული პროდუქტი, განსაკუთრებით ნახევრად გამტარები და ჩიპები, რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთში იმპორტირებული ისეთი პროდუქტების ღირებულება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში შეეძლო აგრესორს გამოეყენებინა, თითქმის ნულიდან მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მაგალითად, ყაზახეთმა 2022 წელს რუსეთში $3.7 მილიონის ნახევრად გამტარი შეიტანა, ომის დაწყებამდე კი წლიურად ყაზახეთიდან რუსეთში მხოლოდ $12 000-ის ღირებულების ნახევრად გამტარი გადიოდა.
ამის პარალელურად, საყურადღებოა, რომ 2017-2021 წლებში რუსეთი ევროკავშირიდან, აშშ-დან, იაპონიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ყოველწლიურად საშუალოდ $161 მილიონის ოდენობის ჩიპებს იღებდა, რაც 2022 წელს დაახლოებით $60 მილიონამდე შემცირდა. ეს კი მნიშვნელოვანი დეფიციტი იყო რუსეთისთვის.
შეგროვებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ რუსეთში მაღალტექნოლოგიური ჩიპების ექსპორტი თურქეთიდან, სერბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე სახელმწიფოდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამდენადაც ასევე მოიმატა თავად ამ ქვეყნებში ევროკავშირიდან შესული მსგავსი პროდუქტის რაოდენობამაც. აღნიშნული ეხება სხვა პროდუქტებსაც, თუმცა საკითხი განსაკუთრებით მწვავეა, როდესაც საქმე უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის სასარგებლოდ სამხედრო ტექნიკის გამოყენებას ეხება.
გასულ კვირას G7-ის წევრმა ქვეყნებმა გამოაცხადეს ახალი მექანიზმი და, ამასთან, შეიმუშავეს რამდენიმე საშუალება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტთან ერთად ამუშავდება.