
თურქეთის კონკურენციის საბჭომ მილიარდერი ილონ მასკის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მან კომპანია საბჭოს ნებართვის გარეშე იყიდა. მასკი თურქეთში Twitter-ის 2022 წლის მთლიანი შემოსავლის 0.1%-ით დაჯარიმდება.
საბჭოს განმარტებით, მასკს სოციალური მედიის ქსელის შეძენით კონკურენციის პირობები არ დაურღვევია, მაგრამ, საბჭოს ნებართვის არარსებობის გამო, გამოძიება მაინც დაჯარიმებით დასრულდა.
საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას.
ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის $44-მილიარდიანი გარიგება გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაასრულა, რის შემდეგაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მასკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოების და ბიზნესის კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა.