LIVE

TBC Capital: იანვარში ეროვნულმა ბანკმა $155 მილიონი შეისყიდა

06 მარ 202313:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
TBC Capital: იანვარში ეროვნულმა ბანკმა $155 მილიონი შეისყიდა

TBC Capital-ის ინფორმაციით, იანვარში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 155 მლნ დოლარი შეისყიდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლების თანახმად, გარდა იმისა, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერია, როგორც ჩანს, იანვარში ლართან შედარებით უცხოურ ვალუტაში უფრო მეტმა საკრედიტო აქტივობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„მიუხედავად ამისა, TBC Capital-ის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოს ორი სხვა საფუძველი მისი გამყარების საბაზო სცენარზე არ მიუთითებს. საკუთრივ, თებერვალში წინა თვესთან შედარებით 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იანვრის 9.4%-დან 8.1%-მდე შემცირდა.

საყურადღებოა, რომ მაშინ როდესაც წინა თვეების მსგავსად, ინფლაციის მოდერაცია ძირითადად კვლავ იმპორტულ პროდუქციაზე მოდიოდა და ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო, ამჯერად სამომხმარებლო ფასების დინამიკის სხვა მნიშვნელოვანი საზომებიც ინფლაციის შემცირების არგუმენტია. ეს, ჩვენს წინა პროგნოზთან შედარებით, ლარის საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირებაზე მიანიშნებს. ამ ფონზე, ვფიქრობთ, რომ TBC Capital-ის ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული, 6.4%-იანი პროგნოზი, სურათს არსებითად ვერ შეცვლის და ამდენად, დაახლოებით მომდევნო ერთ წელიწადში, ინფლაციის მოლოდინი ლარის კურსის მხრივ უფრო ნეიტრალურია, ვიდრე მისი მხარდამჭერი“, - აცხადებენ TBC Capital-ში.

ყოველკვირეული განახლების მიხედვით, ქვეყნის ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი ზედმეტად მყარდება.

„საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსის მხრივ კი, მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, ლარის გარკვეულწილად ზედმეტი გამყარება იკვეთება. მაშინ, როდესაც ეს ინდიკატორი, განსაკუთრებით მოკლევადიან, თუნდაც ერთწლიან პერსპექტივაში, ლარის კურსის აკურატულ საზომად არ უნდა იყოს მიჩნეული, ის მაინც მნიშვნელოვანი ორიენტირის როლს ასრულებს. ამ მხრივ, TBC Capital-ის შეფასებით, მიმდინარე წლის 2 მარტის მდგომარეობით ლარის საშუალო კურსი მისი გრძელვადიანი ტენდენციის შესაბამისი რომ ყოფილიყო, ლარი ევროს მიმართ  2.93, ხოლო დოლარის მიმართ 2.75 -იან ნიშნულზე იქნებოდა“, - აღნიშნულია TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.