LIVE

კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო 3 კომპანია დააჯარიმა

06 მარ 202312:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 493
კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო 3 კომპანია დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, 3 კომპანია დააჯარიმა. 

სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ, განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება, სააგენტოში კანონმდებლობით დადგენილი სახით წარადგინონ. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

„საკითხი ეხება 2022 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებულ გაერთიანებებს, რომლებიც სააგენტოსთან წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა. საქმისწარმოება 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ მიმდინარეობდა, თუმცა 2 კანონით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოხვდა.

კონცენტრაციები განხორციელდა აქსესუარებისა და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტისა და რეალიზაციის სექტორში, ასევე შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის სფეროში“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მლნ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მლნ ლარს აღემატება. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასური 5 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) გადამოწმდა. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.