
Toblerone შოკოლადის შეფუთვაზე მწვერვალ მატერჰორნის გამოსახულება უახლოეს მომავალში გაქრება.
შვეიცარიული გაზეთი Aargauer Zeitung წერს, რომ Mondelez International, რომელიც სამკუთხა შოკოლადებს აწარმოებს, შეფუთვაზე გამოსახულ მთის დიზაინს ცვლის, რათა შვეიცარიული კანონმდებლობა არ დაარღვიოს.
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ Mondelez-ი Toblerone-ის წარმოების ნაწილობრივ სლოვაკეთში გადატანას აპირებდა. ამის გამო, გაზეთის ინფორმაციით, კომპანია შეფუთვის დიზაინს ცვლის და ლოგოზე მატერჰორნის ნაცვლად, უფრო ზოგადი მთის ფორმა იქნება გამოსახული.
„შეფუთვის განახლებული დიზაინი მოიცავს მოდერნიზებული და გამარტივებული მთის ლოგოს, რომელიც შეესაბამება გეომეტრიულ და სამკუთხა ესთეტიკას“, - განუცხადა Mondelez-ის წარმომადგენელმა Aargauer Zeitung-ს.
2017 წელს მიღებული შვეიცარიის კანონის თანახმად, იმისათვის, რომ საკვებ პროდუქტებზე გამოსახული იყოს შვეიცარიის ეროვნულ სიმბოლოები, მასში გამოყენებული მასალის მინიმუმ 80% უნდა იყოს შვეიცარიული. გარდა ამისა, პროდუქტი ვერ ჩაითვლება შვეიცარიულად, თუ მისი წარმოების ძირითადი სამუშაოები ქვეყნის გარეთ ხორციელდება.