LIVE

"თებერვალში საწვავი 30-40 თეთრით გაიაფდა" - რა განიხილეს ეკ. საბჭოს სხდომაზე

03 მარ 202317:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 426
"თებერვალში საწვავი 30-40 თეთრით გაიაფდა" - რა განიხილეს ეკ. საბჭოს სხდომაზე

საწვავის და სურსათის ფასები ერთ-ერთი იყო დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელისგან ირაკლი ლექვინაძისგან საწვავის ფასების შემცირების მიმართულებით არსებული ვითარება და კონკრეტული ნაბიჯები მიმოიხილეს.

"აღინიშნა, რომ თებერვლის თვეში საწვავზე 30-40 თეთრიანი კლება დაფიქსირდა. საუბარი შეეხო სურსათის ფასების შემცირების კუთხით არსებულ ვითარებას და სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს, რომელზეც მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ფასები შემცირდეს და ძირითადი პროდუქტები არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს",- ნათქვამია ინფორმაციაში. 

ამასთან, სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს ევრო 5-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა 2024 წლიდან შეიზღუდება, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე მიმოიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი. აღინიშნა, რომ პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მშენებლობის სამუშაოები 2023 წელს დაიწყება.