LIVE

არსებული ტენდენციით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი 2035 წლისთვის მსუქანი ან ჭარბწონიანი იქნება

05 მარ 202313:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
არსებული ტენდენციით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი 2035 წლისთვის მსუქანი ან ჭარბწონიანი იქნება

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი 2035 წლისთვის იქნება მსუქანი ან ჭარბწონიანი, თუ მთავრობები სპეციალურ ზომებს არ მიმართავენ. ამის შესახებ გაფრთხილებას სიმსუქნის მსოფლიო ფედერაცია ავრცელებს

ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემა ოთხ მილიარდზე მეტ ადამიანს შეეხება. ამასთან, მაჩვენებლები ყველაზე სწრაფად იზრდება ბავშვებში. 2020 წლიდან მოსალოდნელია, რომ როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში, ჭარბწონიანობის არსებული მონაცემები გაორმაგდება. 

ტენდენცია განსაკუთრებით მზარდია აფრიკისა და აზიის დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. გარდა ამისა, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს „ხშირად ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ სიმსუქნეზე და მის შედეგებზე რეაგირება“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სიმსუქნის ხარჯები 2035 წლისთვის ყოველწლიურად $4 ტრილიონს გადააჭარბებს. დოკუმენტის თანახმად, სიმსუქნის მაჩვენებლების ზრდა მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, რაც, სავარაუდოდ, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს მიაღწევს. 

ფედერაციის პრეზიდენტი ლუიზ ბაური ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მთავრობებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა მთელ მსოფლიოში უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილონ ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური დანახარჯები. 

ტენდენციის მიზეზი არაჯანსაღი საკვები, ნაკლები აქტივობა, საკვების მიწოდებისა და მარკეტინგის ნაკლები კონტროლი და წონის მართვისა და ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციის კუთხით, სერვისების ნაკლოვანებებია.