LIVE

„ტირიფონის ხილი“ დუბაიში ქართული ვაშლის ექსპორტისთვის ემზადება

03 მარ 202314:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 767
„ტირიფონის ხილი“ დუბაიში ქართული ვაშლის ექსპორტისთვის ემზადება

კომპანია „ტირიფონის ხილი“ 10 დღეში, დუბაიში ექსპორტზე ქართული ვაშლის პირველ პარტიას გააგზავნის. „ტირიფონის ხილის“ დირექტორი ზურაბ გოჯიაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს იქნება საცდელი პარტია, რომლის მოცულობაც 20 ტონას შეადგენს.

„მიმდინარეობს ვაშლის დახარისხება და შეფუთვა. ყველაზე დიდი სიძნელე გახლავთ ჩვენი გამოუცდელობა, რადგან ექსპორტზე საერთოდ პირველად ვაგზავნით პროდუქციას და, აქედან გამომდინარე, თითოეული ეტაპი, თითოეული დოკუმენტი და ნიუანსი ჩვენთვის აქამდე უცნობ სიახლეს წარმოადგენს. ამ პროცესში განუზომელ დახმარებას გვიწევს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა.

როგორც კი დავამთავრებთ შეფუთვას, დოკუმენტაციის მომზადებას, რაც, მოველით, რომ, შემდეგ კვირაში უნდა დასრულდეს, პროდუქციას საზღვაო მაცივარ-კონტეინერის მეშვეობით, ჯებელ ალის პორტში (დუბაი) გავგზავნით. გზას, სავარაუდოდ, 35-38 დღე დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ტვირთი აპრილში იქნება ადგილზე. ეს პირველი, საცდელი პარტია გახლავთ, სულ 20 ტონა“, - აცხადებს ზურაბ გოჯიაშვილი. 

„ტირიფონის ხილის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ დუბაიში ვაშლის მომდევნო პარტია 2023 წლის მოსავლის აღების შემდეგ გაიგზავნება, რომლის კრეფაც სექტემბერში დაიწყება. ზურაბ გოჯიაშვილის განმარტებით, მეორე ეტაპის ექსპორტის მოცულობა, საცდელ პარტიაზე ბაზრის მონაწილეთა რეაქციის შედეგად განისაზღვრება. 

კომპანია „ტირიფონის ხილმა“ ვაშლის ბაღების გაშენება, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითში 2014 წელს დაიწყო. ამჟამად სხვადასხვა ასაკის ვაშლის ბაღების საერთო ფართობი 31 ჰექტარია. 2017 წლიდან მოყოლებული კომპანია ერთადერთია საქართველოს ვაშლის მწარმოებელთა შორის, ვისაც საერთაშორისო Global GAP-ის სერტიფიცირება აქვს გავლილი. 

„ტირიფონის ხილი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამაცივრე მეურნეობას ფლობს, რომელიც იტალიური და გერმანული წარმოების სამაცივრე დანადგარებით არის აღჭურვილი. საწარმოში 1 000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი. სამაცივრე საცავი ISO 22000:2018 სტანდარტის შესაბამისად არის სერტიფიცირებული და აღჭურვილია საათში 5 ტონამდე სიმძლავრის ჰოლანდიური წარმოების ვაშლის დამხარისხებლით.