
აშშ-ის შრომითი ურთიერთობების ეროვნულმა საბჭომ (NLRB) დაადგინა, რომ Starbucks-მა ნიუ-იორკის შტატში ექვსი თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.
საბჭოს მოსამართლის თქმით, კომპანიამ ფედერალური შრომის კანონმდებლობის "უხეში და ფართო" დარღვევები ჩაიდინა. ამასთან, Starbucks-მა თანამშრომლების ფუნდამენტური უფლებები უგულებელყო. შესაბამისად, ყავის გლობალურ ქსელურ კომპანიას დაევალა ყოფილი თანამშრომლების სამსახურში თავიდან აყვანა და დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა.
თავად Starbucks კი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მისი ქმედებები კანონიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, Starbucks-ის დაახლოებით 270 მაღაზიის თანამშრომლებმა მთელს აშშ-ში ხმა მისცეს პროფკავშირებში გაწევრიანებას, მიუხედავად კომპანიის წინააღმდეგობისა. ამ დროისთვის აშშ-ში Starbucks-ს დაახლოებით 9000 ქსელური მაღაზია აქვს.