LIVE

კონკურენცია, დაფინანსების მოპოვება - ქალი მეწარმეების მთავარი გამოწვევები საქართველოში

03 მარ 202313:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 515
კონკურენცია, დაფინანსების მოპოვება - ქალი მეწარმეების მთავარი გამოწვევები საქართველოში

საქართველოში გამოკითხული მეწარმე ქალები აცხადებენ, რომ ბიზნესის დაწყებისა და წარმართვის პროცესში მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მაღალი კონკურენციაა (36%). შემდეგ მოდის ინვესტიციების და დაფინანსების მოპოვება (36%).

ამას მოწმობს Visa-ს დაკვეთით Emerging Europe-ის მიერ ჩატარებული კვლევა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. კვლევა She's Next, Empowered by Visa-ს  ფარგლებში ჩატარდა და 2000 ბიზნესის მფლობელი თუ თვითდასაქმებული ქალი მოიცვა 75 სიღრმისეული ინტერვიუსა და ფოკუს ჯგუფების მეშვეობით 11 ქვეყანაში.

კვლევის თანახმად, საქართველოში მეწარმე ქალთა მხოლოდ 42% ფლობს ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ქალების მფლობელობაში არსებული ყოველი ოთხი საწარმოდან ერთი პროდუქციას საზღვარგარეთ ყიდის.

საერთო ჯამში, გამოკვლეული ქვეყნების მასშტაბით გამოვლინდა, რომ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ქალების მოტივაციის ძირითადი წყაროებია შემოსავლის გაზრდის სურვილი (50%), საკუთარი თავისთვის მუშაობის სურვილი (31%) და ოცნების ახდენის სურვილი (21%). უშუალოდ საქართველოში მეწარმე ქალთა მთავარ მოტივაციას ბიზნესის დაწყებისას შემოსავლის ზრდა წარმოადგენს (55%).

გარდა ამისა, კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ქალი მეწარმეები ბიზნესზე და პირად ცხოვრებაზე თითქმის თანაბრად ზრუნავენ. რესპონდენტები ბიზნესის კეთებისას ყველაზე დიდ გამოწვევად სამომავლო წარუმატებლობას (29%), ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას (27%) და ოჯახისა და შვილების მიმართ უყურადღებობას (25%) მიიჩნევენ. კონკრეტულად საქართველოში ქალებისთვის მთავარ გამოწვევას ბიზნესის შესაძლო წარუმატებლობა წარმოადგენს (41%).

რაც შეეხება განვითარებას, საქართველოში მეწარმე ქალებს ყველაზე მეტად საკუთარ ბიზნეს საქმიანობაში შემდეგი მიმართულებით გაუმჯობესება სურთ:

  • დამატებითი დაფინანსების მოპოვება (52%)
  • ელექტრონული მარკეტინგი და სოციალური ქსელების მართვა (42%)
  • საერთაშორისო ბიზნესის განვითარება (25%)

ამასთან, საქართველოში მეწარმე ქალთა 40% ბიზნესის წარმოებაში საბანკო ბარათით გადახდას ანიჭებს უპირატესობას, ნაღდ ანგარიშსწორებას არჩევს გამოკითხულთა 29%.

კვლევის შედეგად გამოვლენილი საერთო სურათი მოწმობს, რომ ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესები ძირითადად შემდეგ სექტორებში არიან წარმოდგენილი:

  • სილამაზე და ჯანმრთელობა (17%)
  • საცალო ვაჭრობა (12%)
  • სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები (12%)
  • განათლება (8%)
  • პიარი და მარკეტინგი (7%)

საგულისხმოა, რომ გამოკითხულ მეწარმე ქალთა ორი მესამედი არ იყენებს გარე დაფინანსებას, ხოლო სამ მეოთხედს არ ჰყავს თანამშრომლები. რეგიონში ქალების საკუთრებაში არსებული კომპანიების დაახლოებით 35% $1000-ზე ნაკლები ინვესტიციით შეიქმნა. ყოველი 10 მეწარმე ქალიდან მხოლოდ ერთი ასაქმებს 5-ზე მეტ ადამიანს.