
საქსტატის მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 723 სტუდენტი, რაც 239-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა 2.6-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილს.
ამასთან, წლიურად 43%-ითაა გაზრდილი უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 25.1 ათასს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 50.1 ათასი სტუდენტი მიიღეს, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში - 29.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 20.7 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4%-ით (4.7 ათასი) გაიზარდა.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების რაოდენობამ ჯამში 161.3 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9%-ით აღემატება. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა 60.6% სწავლობს, ხოლო კერძოში - 39.4%. სტუდენტების 52% ქალია, ხოლო 48% - კაცი.
2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო.