LIVE

მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, ჩინეთში დასაქმებულთა რიცხვი 40 მილიონით შემცირდა

03 მარ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 446
მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, ჩინეთში დასაქმებულთა რიცხვი 40 მილიონით შემცირდა

გასული სამი წლის განმავლობაში, ჩინეთში დასაქმებულთა რიცხვი 41 მილიონზე მეტით შემცირდა.

ქვეყნის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2022 წელს დაახლოებით 733.5 მილიონი ჩინელი იყო დასაქმებული, ხოლო 2019 წელს - 774.7 მილიონი. 

ჩინეთის ადამიანური რესურსების და სოციალური უსაფრთხოების მინისტრმა იუ ჯიადონგმა ბრიფინგზე განმარტა, რომ ჩინეთის სამუშაო ასაკის მოსახლეობის შემცირება გამოწვეულია პენსიონერთა რიცხვის ზრდით. მისივე თქმით, განვითარებად ქვეყნებს შორის ჩინეთის მოსახლეობა, ისევე, როგორც სამუშაო ძალა ყველაზე დიდია. 

ანალიტიკოსების შეფასებით, დასაქმებულების რიცხვის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი, სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის რიცხვის კლებასთან ერთად, პანდემიის დროს ახალგაზრდების უმუშევრობის გაზრდაა. 

ჩინეთში 16-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანების რაოდენობა 2012 წლიდან თანდათან მცირდება. ბოლო სამ წელში, ამ ჯგუფში შემავალი ადამიანების რიცხვი 38 მილიონით 857.6 მილიონამდე შემცირდა, რაც წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია. 

მოსალოდნელია, რომ წელს ჩინეთში ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრდება, რადგან ქვეყანაში მოიხსნა კოვიდ-შეზღუდვები და მუშაობის საშუალება უფრო მეტ ადამიანს ექნება. 

სტატისტიკის ბიუროს უახლესი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ჩინეთში დასაქმებულები უფრო პროდუქტიულები ხდებიან, რაც ნიშნავს, რომ წარმოებული პროდუქტი ერთ მუშაკზე გათვლით იზრდება. 2010-იან წლებში შენელების შემდეგ, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 4.2%-ით გაიზარდა. 

პენსიაზე გასული ადამიანების რაოდენობის სწრაფი ზრდა, სავარაუდოდ, პეკინს აიძულებს, რომ დააჩქაროს საპენსიო ასაკის გაზრდა, რაც შეიძლება, საზოგადოებისთვის არასასურველი გადაწყვეტილება იყოს. 

ჩინეთში საპენსიო ასაკი 40 წელზე მეტია არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი გაიზარდა. ე.წ. „თეთრსაყელოიანი”დასაქმებულების შემთხვევაში, მამაკაცებს პენსიაზე გასვლა 60 წლის ასაკში, ქალებს კი 55 წლის ასაკში შეუძლიათ. 

ქვეყნის მმართველმა პარტიამ საპენსიო ასაკის რეფორმა წლის მთავარ ეკონომიკურ ამოცანებს შორის დაასახელა. უფრო დეტალური ინფორმაცია, შესაძლოა, მიმდინარე თვეში გახდეს ცნობილი.