LIVE

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ჰოლდინგურ შეთანხმებებზე შესაძლოა მოკვლევა დაიწყოს

28 თებ 202316:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 380
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ჰოლდინგურ შეთანხმებებზე შესაძლოა მოკვლევა დაიწყოს

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ გასულ კვირაში სამი კომპანიის მიერ მედიკამენტების ერთდროულად გაძვირებასთან დაკავშირებით მონიტორინგი უკვე დაწყებულია.

როგორც მან „ბიზნეს ფორმულასთან“ განაცხადა, თუ რიგი კომპანიების მხრიდან შეთანხმებული მოქმედება დადგინდა, კონკურენციის სააგენტომ, შესაძლოა საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყოს. ერთი მხრივ ეს არის, არაკეთილსინდისიერი შეთანხმება, მეორე მხრივ კი, ბაზარზე დომინანტობის არასათანადო გამოყენება.

„სამ ფარმაცევტულ კომპანიაში კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასების მკვეთრი ზრდა მოხდა და ეს დროში დაემთხვა ერთმანეთს. საქართველოში არის რამდენიმე მსხვილი ფარმაცევტული ქსელი, რომელიც როგორც იმპორტის, ისე საცალო ქსელის და სხვა ჰოლდინგში შემავალი სტრუქტურული ერთეულებით, ბაზარზე დომინირებულ მოცემულობას ქმნის. თუ აქ იქნება გამოკვეთილი რიგი კომპანიების დომინანტური პოზიციები, შესაძლოა დაიწყოს მოკვლევა ამ მდგომარეობის არასათანადო გამოყენების კუთხით, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესების მიმართულებით აისახა“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების შემდეგ, აფთიაქების უმეტესობაში წამლები გაძვირდა. მინისტრის ვარაუდით, საქმე შეთანხმებულ მოქმედებებს ეხება. აზარაშვილი აღნიშნავს, რომ კარტელური გარიგებების მიმართ სახელმწიფოს პოზიცია მკაცრი იქნება.