LIVE

2022 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 176%-ით გაიზარდა - როგორია მიგრანტების გავლენა

27 თებ 202313:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 501
2022 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 176%-ით გაიზარდა - როგორია მიგრანტების გავლენა

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 3.9 მილიონს მიაღწია, რაც 176%-ით მეტია 2021 წლის მონაცემზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მაჩვენებელი, ვიზიტორთა პანდემიამდელი რაოდენობის 65%-ს შეადგენს. PMC-ის შეფასებით, ზრდის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ტურისტული, ისე, არატურისტული ვიზიტების მატება.

„2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების შემოდინება მნიშვნელოვნად აღდგა პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც, შესაძლოა, განპირობებული იყოს როგორც ტურისტული, ასევე არატურისტული (რუსების, უკრაინელებისა და ბელარუსების მიგრაცია/შემოსვლა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე) მიზეზებით“, - აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი, 915 000 ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, რაც პანდემიამდელი მაჩვენებლის 75%-ს შეადგენდა. რუსეთის შემდეგ იყო თურქეთი (711 000) და სომხეთი (531 000). შესაბამისად, PMC-ის შეფასებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის აღდგენის მაღალი მაჩვენებელი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის ზრდაზეც დადებითად აისახა.

2022 წელს ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობამ პანდემიამდელთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. კერძოდ, ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა გასულ წელს, 2019 წელთან შედარებით, 2.3 ღამით გაიზარდა, რაც ასევე დადებითად აისახა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის ზრდაზე.

აღსანიშნავია, რომ რეკრეაციის წილი ვიზიტის ძირითად მიზნებში 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სავაჭრო, ტრანზიტისა და ბიზნესის წილი მთლიან ვიზიტებში შემცირდა.

მიუხედავად საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის ნაწილობრივი აღდგენისა, 2022 წელს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან საგრძნობლად გადააჭარბა პანდემიამდელ რიცხვს. გასულ წელს შემოსავლების ჯამურმა რაოდენობამ 3.5 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 8%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემზე. აღდგენა ეტაპობრივი იყო და 2022 წლის IV კვარტლის მაჩვენებლები, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგებს 46%-ით აღემატებოდა. PMC-ის შეფასებით, შემოსავლების მკვეთრი ზრდა შესაძლოა მიგრანტების ეფექტით აიხსნას.

„ეს ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის სტატისტიკა ითვალისწინებს ასევე მოგზაურებსაც, რომლებიც გრძელვადიანი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში (მიგრანტები) და, შესაბამისად, არ აღირიცხებიან საერთაშორისო ვიზიტების სტატისტიკაში. გარდა ამისა, ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა და საერთაშორისო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, ასევე დადებითი როლი ითამაშა შემოსავლის სწრაფ ზრდაში“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი შემოსავალი რუსი მოგზაურებისგან მიიღო. გასულ წელს თანხამ 891 მლნ დოლარი შეადგინა (მთლიანი შემოსავლის 25.3%), რაც 15%-ით აღემატებოდა 2019 წლის მაჩვენებელს.

2022 წელს 282 მლნ დოლარამდე გაიზარდა უკრაინელი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები. თანხის მოცულობამ პანდემიამდელ მაჩვენებელს 52%-ით გადააჭარბა. ზრდა დაფიქსირდა ისრაელის შემთხვევაშიც.

„ისრაელიდან მიღებულმა შემოსავალმა ასევე მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებელს (16%), ხოლო ევროკავშირიდან (-30%) და სომხეთიდან (-19%) მიღებული შემოსავალი კვლავ პანდემიამდელ მაჩვენებელზე ნაკლები დარჩა. აღსანიშნავია, რომ თურქი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი აღდგა პანდემიამდელი რაოდენობის 92%-მდე 2022 წლის დეკემბერში სწრაფი თვიური ზრდის შემდეგ (85.7%), რაც შეიძლება აიხსნას თურქეთიდან მოგზაურების სწრაფი შემოდინებით iPhone-ების შეძენის მიზნით“, - აღნიშნულია ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.