
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქალებს საშუალოდ, მამაკაცთა კანონიერი უფლებების დაახლოებით სამი მეოთხედი აქვთ. პანდემია ბევრ ქვეყანაში გენდერულ უთანასწორობას კიდევ უფრო აძლიერებს.
Covid -19-მა გაამწვავა ქალთა პრობლემები დასაქმებისა და განათლების სფეროებში, აღნიშნულია ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში. რიგ ქვეყნებში ქალებს კვლავ აქვთ სამართლებრივი და ეკონომიკური შეზღუდვები, მათ შორის, მამრობითი სქესის გარეშე მოგზაურობის შეზღუდვა, ასევე გამოწვევები მშობლობის და პენსიაზე გასვლის საკითხებში.
ანგარიშის თანახმად, პანდემიამ ასევე ხელი შეუწყო გენდერული ძალადობის სიმძიმისა და სიხშირის ზრდას.
მსოფლიო ბანკი მოუწოდებს ქვეყნებს მიიღონ ზომები, რათა გააუმჯობესონ მშობლებისთვის ანაზღაურებადი შვებულება, უზრუნველყონ შეღავათები და ორსული ქალების სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვა. ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 100 ეკონომიკაში არ არსებობს კანონები, რომლებიც ავალდებულებს დამსაქმებლებს ქალებსა და მამაკაცებს შესრულებული სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურება გადაუხადონ.
ქალთა და მამაკაცთა შორის საპენსიო ასაკის ეტაპობრივად გათანაბრების მცდელობის მიუხედავად, ხუთი წლის სხვაობა რჩება რეგიონის ეკონომიკების 26% -ში, მათ შორის საქართველოშიც.
ანგარიშის მიხედვით, Covid-19-ის პანდემიის დროს, როგორც ბევრ სხვა ეკონომიკაში საქართველოში ასევე მეტმა ქალმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ვიდრე მამაკაცმა.
მსოფლიო ბანკის Women, Business and the Law 2021 გლობალურ ინდექსში მოხსენების საშუალო ქულაა 76.1, წინა წლის 75.5-თან შედარებით. ინდექსი ემყარება ანაზღაურების, ქორწინების, მობილობისა და სხვა ფაქტორებს.
ინდექსში საქართველოს საშუალო ქულა 85.6-ია. ქვეყანას თანასწორობის ყველაზე დაბალი, 50 ქულა პენსიის მიმართულებით აქვს, 75 ანაზღაურების და 60 მშობლობის საკითხებში. ყველა დანარჩენ მონაცემში საქართველო 100 ქულით არის შეფასებული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ მარტინი