LIVE

ევროზონაში ბიზნესაქტივობა იზრდება

26 თებ 202312:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 528
ევროზონაში ბიზნესაქტივობა იზრდება

ევროზონაში ბიზნესაქტივობა ცხრათვიან მაქსიმუმზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა იზრდება.

როგორც Reuters წერს, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები დაფიქსირდა სერვისის შესყიდვების ნაწილში ივნისის შემდეგ, რაც თავის მხრივ, ეყრდნობა S&P Global-ის PMI ინდექსს, რომელიც აჩვენებს ეკონომიკურ ტრენდს წარმოებისა და სერვისების შესყიდვის ნაწილში. გაზრდილი და გაუმჯობესებულია წარმოებაც, რაც ასევე მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების შემსუბუქებას უკავშირდება.

S&P Global-ის PMI ინდექსი იმ 20 ქვეყნისთვის გაიზარდა, რომლებიც სავაჭროდ ევროს იყენებენ, მაჩვენებელმა კი თებერვალში 52.3 შეადგინა, მაშინ როდესაც იანვარში ეს 50.3-ის ტოლი იყო. 

ეს ზრდა კი ეკონომისტებს იმედს აძლევს, რომ ევროპა რეცესიას და პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის შემცირებას თავიდან აიცილებს. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ გერმანიის ბიზნეს აქტივობა, როგორც ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის, პირველად, რვა თვის განმავლობაში, თებერვალში დაუბრუნდა ზრდის ტემპს, მიწოდების შეფერხებების შემსუბუქების და მოთხოვნის გაუმჯობესების წყალობით. გერმანელი ეკონომისტების განწყობა აღდგენისკენაა მიმართული.

რაც შეეხება საფრანგეთს, ბიზნესის აქტივობა გაზრდილია და პირველად ოქტომბრის შემდეგ, სწორედ თებერვალში დაფიქსირდა ზრდის ტემპი, რაც ინფლაციური წნეხის შემსუბუქებით და დასაქმების ბაზრის გაძლიერებითაა გამოწვეული. რეცესიის შიშის გაქრობის გამო, ანალიტიკოსების ოპტიმიზმი კიდევ უფრო გაზრდილია და თებერვალში ბიზნესის მოლოდინების ინდექსიც ზრდას აჩვენებს, ინდექსი ცხრა თვის მაქსიმუმზეა - მაჩვენებელი 61.5-ია.