LIVE

რატომაა Wizz Air-ით ფრენა ერევნიდან ქუთაისზე იაფი - კომპანიის განმარტება

22 თებ 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1018
რატომაა Wizz Air-ით ფრენა ერევნიდან ქუთაისზე იაფი - კომპანიის განმარტება

ბოლო პერიოდში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ქართველი მოგზაურები ტურებს საქართველოს ნაცვლად სომხეთიდან გეგმავენ. მიზეზი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ია, რომელსაც რიგ მიმართულებებზე ერევნიდან ქუთაისთან შედარებით დაბალი ფასი აქვს. 

მაგალითისთვის, აგვისტოს პერიოდში, რომის მიმართულებით, ქუთაისიდან ფრენის შემთხვევაში ბილეთების ფასი 499 ლარიდან, ხოლო ერევნიდან 180 ლარიდან იწყება.

როგორც Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჟაჟა ტრუბეკმა "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტა, ერევნიდან შედარებით იაფ ფრენებს დაბალი მოთხოვნა განაპირობებს.

მისი თქმით, Wizz Air ქართულ ბაზარზე უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს და ქუთაისიდან ბევრად უფრო მეტი მიმართულებით დაფრინავს, ვიდრე ეს სომხეთის შემთხვევაშია.

"ბილეთების ფასები დამოკიდებულია მოთხოვნაზე, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაცილებით დიდია. თქვენ იცნობთ ჩვენს სერვისსა და კომპანიას. რასაც ბუნებრივია განაპირობებს, ის რომ Wizz Air ქართულ ბაზარზე უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს. ჩვენ ვართ ლიდერები და ამას სტატისტიკაც აჩვენებს. რაც შეეხება სომხეთს, აქ ოპერირება რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და ჯერ კიდევ არ გვაქვს ბევრი მიმართულება. გამომდინარე აქედან, საქართველოსა და სომხეთში განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. სომხეთში ჩვენს კომპანიას კარგად არ იცნობენ, მოთხოვნა არ არის მაღალი და შესაბამისად ბილეთების ფასებიც რიგ შემთხვევებში ბევრად უფრო დაბალია. ხოლო თუ ქართველი მოგზაურები ფიქრობენ, რომ ერევნიდან მოგზაურობა ბევრად უფრო ბიუჯეტურია რატომაც არა, შესაძლებელია ამ გზას მიმართონ", - განაცხადა ჟაჟა ტრუბეკმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინფორმაციით, 2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს. აღსანიშნავია, რომ ერთ წელში Wizz Air-მა 588 226 მგზავრი გადაიყვანა.