LIVE

Foreign Policy: ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება სანქციებისკენ სწრაფვაა

24 თებ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 828
Foreign Policy: ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება სანქციებისკენ სწრაფვაა
VANO SHLAMOV/AFP VIA GETTY IMAGES

Foreign Policy მთავარი ოპოზიცური პარტიის ლიდერის დაკავების ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ პოლიტიკური არეულობის გაღრმავების ფონზე, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დააკავება რეგიონის ერთადერთ დემოკრატიულ ქვეყანაში კრიზისის გაღრმავების საფრთხეს ქმნის. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით, დედაქალაქის ქუჩებში ათასობით მომიტინგე გამოვიდა. მისი დაკავება მმართველ პარტიაში განხეთქილების მიზეზიც გახდა. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, გასულ კვირას მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, პარტიასთან დისკუსიის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

კრიზისი არის ტესტი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პირობას დებს. საქართველო, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს, დიდი ხანია შეერთებული შტატების მჭიდრო მოკავშირეა.

”ეს საქართველოსთვის პოტენციურად აღმასვლის ან უკუსვლის ეტაპია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს სწრაფი და მძლავრი რეაგირება და თქვას, რომ იქამდე, სანამ მელია არ გათავისუფლდება და ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდება, კრიზისზე პასუხისმგებელ პირებზე სანქციები დაწესდება,” ამბობს დევიდ კრამერი, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

ოფიციალური პირების მიმართ დასავლეთის სანქციებს საქართველოში უფრო მეტი გავლენა ექნება, ვიდრე საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში. პოლიტიკური მიზეზის გამო, ქართველ ოფიციალურ პირებს თავიანთი აქტივების გადატანა რუსეთში არ შეუძლიათ. “დასავლეთის მხრიდან ზეწოლა საქართველოში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ქვეყნებში,” - ამბობს გია ნოდია, პოლიტიკის პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების საერთაშორისო სკოლის დირექტორი.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა: ”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებისგან, რომლებიც დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს და პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, მოლაპარაკებებში ჩაერთონ. შეერთებული შტატები მზადაა დემოკრატიული, უსაფრთხო და აყვავებული საქართველოს მხარდასაჭერად“. თუმცა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მან არ დააზუსტა თუ მოვლენები ამგვარად არ განვითრდება, რა შეიძლება მოიმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა კრიზისზე საპასუხოდ.

კრიზისი საქართველოში ყველაზე ახალია იმ მოვლენებს შორის, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის შემოგარენში იფეთქა. ბელორუსში, რომელიც მოსკოვის დიდი ხნის ერთგული მოკავშირეა, პრეზიდენტის არჩევნების გაყალბების გამო, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ხოლო სომხეთმა და აზერბაიჯანმა, მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო, ომი განაახლეს. ყირგიზეთში, მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გააპროტესტეს. რუსეთს თავად ჰქონდა ქვეყნის შიგნით არეულობა, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ მომიტინგეები ქვეყნის ქუჩებში გამოვიდნენ.

2008 წელს რუსეთსა და საქართველოს მოკლე, მაგრამ მწვავე ომი ჰქონდათ და მას შემდეგ მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო კონტროლი დააწესა.

პოლიტიკური არეულობა საქართველოს დასავლეთს კიდევ უფრო აშორებს. ”ამით ბედნიერი მხოლოდ კრემლია. მათ იციან, რომ ეს ზიანს აყენებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას,” ამბობს კრამერი.

მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ძალა და აგრესია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის: "შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველო  ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში დაბრუნების გზას დაშორდა", აცხადებს საელჩო. 

რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა მომხდარს  ”დემოკრატიისთვის სამწუხარო დღე” უწოდა. 

ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის დანიშვნა პარლამენტმა ორშაბათს დაადასტურა, ერთიანობისკენ მოწოდება გააკეთა. "დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს," განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ოპოზიციის მიმართ მკაცრი მიდგომით არის ცნობილი და მისი დანიშვნა იმის ნიშანი იყო, რომ მთავრობას მოლაპარაკებების სურვილი არ აქვს.

პოლიტიკური დაპირისპირება ოქტომბრის არჩევნებიდან იწყება. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები კონკურენტულად მიიჩნიეს, მაგრამ გამოთქვეს შეშფოთება ამომრჩეველზე არასათანადო ზეწოლის ბრალდებების გამო. ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის საზღვარი არამკაფიო იყო. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს  და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ოპოზიცია ქართულ დემოკრატიასა და სტაბილურობას საძირკველს აცლის.

საქართველო დიდი ხანია განიხილება, როგორც რეგიონის დემოკრატიის შუქურა. 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დიდი სისწრაფით გაატარა მთელი რიგი რეფორმები, დაამარცხა ერთ დროს მძვინვარე კორუფცია და მტკიცედ აიღო კურსი დასავლეთისკენ.

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მთავრობა აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს, მაგრამ რუსეთის მიმართ ნაკლებად მკაცრი დამოკიდებულება აქვს. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში დემოკრატიის დამცველებმა განგაში ატეხეს დემოკრატიული უკუსვლისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების გამო.  ივანიშვილმა, რომელსაც 6 მილიარდი დოლარის ქონება აქვს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტს თითქმის მესამედს უდრის, მთავრობის მაღალ თანამდებობებზე დანიშნა თავისი ყოფილი დაცვის თანამშრომელი, ადვოკატი და პირადი ექიმი.

”ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ რუსეთი ან ბელარუსი ვხდებით. მართალია, ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ბოლომდე ამ გზით სვლა რთული იქნება,” ამბობს ნოდია.

ტრამპის მმართველობის დროს, შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მიმართ ყურადღება მოადუნა, რაც საქართველოზე ძლიერად აისახა.

”აქ მან დიდი როლი ითამაშა. მთავრობაზე საკმარისი ზეწოლა არ იყო,” - ამბობს ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის თანამშრომელი.