LIVE

საქართველოში ბინების 70% 1990 წლამდეა აშენებული

21 თებ 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 588
საქართველოში ბინების 70% 1990 წლამდეა აშენებული

საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული. 

კვლევის თანახმად, 366 000 ბინიდან, 1960 წლამდე აშენებულია 14%, 56%-ის აშენების თარიღი 1961-1990 წლებია, 26% კი, 2011-2021 წლებშია აშენებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ პერსპექტივაში ახალაშენებულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა უნდა გაიზარდოს ძველი საცხოვრებლის ახლით ჩანაცვლების საჭიროებიდან გამომდინარეც.

საქართველოში შინამეურნეობების 91% ფლობს საცხოვრებელ ადგილს, რაზეც გავლენას ახდენს როგორც ტრადიციები, ასევე ურბანიზაცია და ეკონომიკური განვითარების დონე.

"აღმოჩნდა რომ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში საცხოვრებლის ფლობის მაჩვენებელსა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის აშშ დოლარით) ძლიერი უარყოფითი კორელაციური კავშირია, ხოლო იპოთეკურ სესხებთან ძლიერი დადებითი. თუ ჩავთვლით, რომ პერსპექტივაში საქართველოც მსგავს ტრენდს გაჰყვება მოსალოდნელია, რომ უფრო ნაკლები შინამეურნეობა იცხოვრებს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში და მეტი იჯარით აღებულში. რაც საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის, მაგრამ უფრო ინვესტორების მხრიდან, და ნაკლებად უშუალოდ მაცხოვრებლის. ასევე გასათვალისწინებელია შინამეურნეობაში წევრების რაოდენობა, რასაც ასევე ამავდროულად შემცირების ტენდენცია უნდა ჰქონდეს, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოთხოვნის გენერაციაში",- აღნიშნულია კვლევაში.

ევროპასთან შედარებით საქართველოში გაცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობს ერთ შინამეურნეობაში, რასაც საქართველოში შემცირების ტრენდი აქვს. ამ ფონზე, პერსპექტივაში მოსალოდნელია უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შინამეურნეობის დაშლამ (წევრების შემცირებამ) გამოიწვიოს.