LIVE

თბილისში ბინებს ძირითადად საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ - კვლევა

21 თებ 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
თბილისში ბინებს ძირითადად საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ - კვლევა

ეროვნული ბანკი უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის თანახმად, 2022 წლის 11 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ თბილისში სახლის/ბინის გაყიდვები ძირითადად (86%) საქართველოს მოქალაქეებზე მოდიოდა, რუსეთის მოქალაქეების წილი კი 2.5% იყო.

რაც შეეხება ბათუმს, გაყიდული ბინების 61.8% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, 11.2% კი რუსეთის მოქალაქეებზე.

უცხოელების მონაწილეობა თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 8.8%-მდეა გაზრდილი (სექტემბერი), თუმცა ეს ჩამორჩება 2019 წლის მაქსიმუმს, რომელიც 9% იყო ივლისის თვეში. სებ-ის კვლევის მიხედვით, უცხოელების ტრანზაქციების ზრდა ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეების წილი ტრანზაქციებში 0.9%-დან (იანვარი) 5%-მდე (ოქტომბერი) გაიზარდა თბილისში, ხოლო ბათუმში 5%-დან (იანვარი) 17.6%-მდე (ნოემბერი).

 

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობა ამ ტრანზაქციებში იმდენად სწრაფად არ იზრდება, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსების რაოდენობა, ან თუნდაც რუსეთიდან მიღებული გზავნილების მოცულობა. ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ გზავნილების მცირე ნაწილი ხმარდება უძრავი ქონების შეძენას, უფრო მეტი კი სხვა ხარჯებზე მოდის (კვება, ქირა და ა.შ.).

კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა, რომ რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთაც ქართული წარმომავლობა აქვთ, თბილისში უფრო მეტად ყიდულობენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე ბათუმში. დანარჩენი ნაწილი კი პირიქით.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია ის უარყოფითი ეფექტი, რასაც საქართველოს უარყოფითი მიგრაციული სალდო საცხოვრებელი უძრავი ქონების მოთხოვნაზე ახდენს.

"მოსახლეობის ზრდა, რომელიც ბაზარზე მოთხოვნის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, საკმაოდ სუსტია. ამასთან ბოლო პერიოდში საქართველოში (პანდემიამდე) არსებული დადებითი ბუნებრივი მატება, რომელიც მოთხოვნის შედარებით გრძელვადიანი გენერატორია, ფაქტობრივად სრულად იქვითება უარყოფითი მიგრაციული სალდოთი",- აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება მიწოდებას, სებ-ის თანახმად, 2021-2022 წლებში გაცემული სამშენებლო ნებართვების მიხედვით უახლოეს პერიოდში მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზრდება თბილისის ბაზარზე. მას შემდეგ რაც პანდემიამ ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი რისკები შექმნა, ბათუმში გაცემული ნებართვების მოცულობა მატერიალურად შემცირდა და აღდგენა ჯერ არ დაწყებულა.

კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის მნიშვნელოვნება საბანკო სისტემაში მატერიალურად გაიზარდა. ბოლო ოთხ წელიწადში სექტორის საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ბიზნეს პორტფელის 5.9%-ს შეადგენდა (1.516 მილიარდი ლარი).