
იტალიაში მშრალი კვირები ნარჩუნდება, რის გამოც, სპეციალისტები, ზაფხულის შემდეგ, გვალვის გამეორების საფრთხეზე მიუთითებენ.
ვენეციაში, სადაც, როგორც წესი, პრობლემას წყალდიდობა ქმნის, არხებში წყლის დონემ უჩვეულოდ დაიწია. ეს კი შეუძლებელს ხდის გონდოლების, წყლის ტაქსებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობას.
წყლის დონის დაწევა ფაქტორების ერთობლიობას, მათ შორის, წვიმის ნაკლებობას, სავსე მთვარესა და ზღვის დინებებს უკავშირდება.
გარემოსდაცვითი ჯგუფის, Legambiente-ს თანახმად, იტალიის მდინარეები და ტბები წყლის მწვავე ნაკლებობას განიცდიან.
ჯგუფის შეფასებით, იტალიის ყველაზე გრძელი მდინარე პო, რომელიც ალპების ჩრდილო-დასავლეთით ადრიატიკამდე მიედინება, წლის ამ დროისთვის დამახასიათებელ მოცულობასთან შედარებით, 61%-ით ნაკლებ წყალს ატარებს.
გასული წლის ივლისში იტალიაში პოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის ამ ნაწილზე სოფლის მეურნეობის ნაწარმის დაახლოებით მესამედი მოდის.
ამჟამად სინოპტიკოსების პროგნოზი დამაიმედებელია. ამინდის უახლესი პროგნოზები ადასტურებს, რომ უახლოეს დღეებში ალპებში მოსალოდნელია ნალექი და თოვლი.