
Temu - ასე ეწოდება ახალ ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელმაც ჩამოტვირთვების მიხედვით აშშ-ში პირველ ადგილზეა და უკვე გადააჭარბა Amazon-სა და Walmart-ს.
უფრო ზუსტად, ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის თანახმად, სექტემბრიდან დღემდე აპლიკაცია 24 მილიონჯერ გადმოწერეს, რაც ყოველთვიურად 11 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს გულისხმობს.
როგორ შეძლო ახალმა ჩინურმა ონლაინ მაღაზიამ უმსხვილეს გიგანტებთან კონკურენციაში შესვლა? - მთავარი კონკურენტული უპირატესობა Temu-ს დაბალი ფასები, მიწოდების უფასო სერვისი და სხვადასხვა შეთავაზებაა. პლატფორმაზე მომხმარებელს ნებისმიერი სახის პროდუქციის შეძენა შეუძლია (საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, აქსესუარები, ტექნიკა და ა.შ.) და ხშირად აქვს 89%-იანი ფასდაკლებებიც.
Temu-ს მშობელი კომპანიაა PDD, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით Pinduoduo. თავის მხრივ, PDD ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, დაახლოებით 900 მილიონი მომხმარებლით. თავის დროზე, კომპანიამ სახელი გაითქვა ე.წ. ჯგუფური შესყიდვის ბიზნეს მოდელით, რაც ხალხს საშუალებას აძლევდა ფული დაეზოგათ.
როგორც Coresight Research-ის აღმასრულებელი დირექტორი დებორა ვეინსვიგი ამბობს, ზუსტი პროგნოზირება, შეძლებს თუ არა Temu დაბალი ფასების, უფასო მიწოდების სერვისისა და სხვა შეღავათების შენარჩუნებას, ჯერ ნაადრევია. თუმცა ამბობს იმასაც, რომ მარკეტინგული ექსპერიმენტები სავარაუდოდ გაგრძელდება, ამის საშუალებას კი ახალ აპლიკაციას თავისი რესურსების მდიდარი მშობელი კომპანია მისცემს.