
რუსეთმა ათასობით უკრაინელი ბავშვი მოათავსა ბანაკებში, სადაც ისინი ექვემდებარებიან რუსულ პროპაგანდას და რუსული ოჯახების იძულებით შვილად აყვანას, ზოგი კი სამხედრო წვრთნას გადის, - ნათქვამია აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, იელის უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
იელის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ჰუმანიტარული კვლევის ლაბორატორიის მკვლევრების განცხადებით, კამპანია ჟენევის კონვენციებს არღვევს და შეიძლება წარმოადგენდეს ომის დანაშაულს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და გენოციდს.
საკითხი 4 თვიდან 17 წლამდე ბავშვებს ეხება. მკვლევრების თანახმად, ბანაკებში მინიმუმ 6000 ბავშვის მონაწილეობა შეიძლება დადასტურდეს, მაგრამ ისინი ვარაუდობენ, რომ რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.
კვლევის ავტორის, ნატანიელ რაიმონდის თქმით, ბანაკების ძირითადი მიზანი, როგორც ჩანს, ხელახალი პოლიტიკური განათლებაა.
ანგარიშის თანახმად, ბევრ შემთხვევაში, ბავშვები ბანაკებში უკრაინის ოკუპირებული ნაწილებიდან, მათ შორის ზაპორიჟიედან, ხარკივიდან, ხერსონიდან, დონეცკიდან და ლუგანსკიდან გააგზავნეს.
მკვლევრები სულ 43 ბანაკის არსებობაზე მიუთითებენ. ჩეჩნეთისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ორ სამხედრო ბანაკში ბავშვებს ასწავლიდნენ, როგორ ემუშავათ სამხედრო აღჭურვილობასთან, ასევე სატვირთო მანქანების მართვას და შეასწავლიდნენ ცეცხლსასროლ იარაღს.
ზოგიერთი უკრაინელი ობოლი საბოლოოდ მიიღეს ან მოათავსეს რუსულ მიმღებ ოჯახებში, მაგრამ კვლევის მიხედვით, ყველა ეს ბავშვი ტექნიკურად ობოლი არ იყო, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ „რთულ პირობებში“ მყოფი ოჯახებიდან იყო.
რუსეთმა შვილად აყვანის პროგრამა წარადგინა როგორც ჰუმანიტარული დახმარება მიტოვებული ბავშვებისთვის.
მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ბევრი მშობელი იძულებით დათანხმდა წაეყვანათ მათი შვილები, რადგან ზოგს სურდა, რომ ისინი ომის ზონიდან გაეყვანათ ან სათანადოდ გამოეკვებათ. ბავშვების ნაწილი მშობლებს დაუბრუნეს, მაგრამ ნაწილს მშობლებთან ურთიერთობა არ შეეძლო ან სახლში დაბრუნება აუკრძალეს.
უკრაინიდან რუსეთში გადაყვანილი ბავშვების ზუსტი რიცხვი უცნობია. 2023 წლის იანვარში რუსეთმა განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვლიდან რუსეთში 728 000 ბავშვი ჩავიდა. ეს მონაცემები, სავარაუდოდ, მოიცავს რუსეთში ოჯახებთან ერთად, ევაკუირებულ ბავშვებსაც.
შეერთებულმა შტატებმა ოქტომბერში ივარაუდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინიდან რუსეთში 260 000 ბავშვი წაიყვანა.