
„გალტ & თაგარტის“ მიმოხილვის თანახმად, გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა წლიურად 153.7%-ით გაიზარდა და ჯამურმა მოცულობამ 1 ტვტ.სთ შეადგინა.
2021 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსავლები 436.5%-ით (5.4- ჯერ), 84.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 118.9%-ით მოიმატა ექსპორტის საშუალო ფასმა და კვტ.სთ-ზე 8.7 ცენტი იყო.
„გალტ & თაგარტის“ შეფასებით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა თურქეთში ფასების უპრეცედენტო მატებამ გამოიწვია.
რაც შეეხება იმპორტს, „გალტ & თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, სადაც საქართველოს 2022 წლის ელექტროენერგიის ბაზრის შედეგებია შეჯამებული, გასულ წელს, ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამური მიწოდების 9.7% და შესაბამისად, 1.5 ტვტ.სთ შეადგინა.
იმპორტის 82.5% რუსეთიდან განხორციელდა (უმეტესად აფხაზეთის რეგიონისთვის), 9% სომხეთიდან და 8.4% აზერბაიჯანიდან. აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს იმპორტის ხარჯი 41.2 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, ელექტროენერგიის სავაჭრო ბალანსმა დადებითი, 43.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლების მიუხედავად, საქართველო რაოდენობრივად კვლავ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა.
„საქართველო რაოდენობრივად კვლავ ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორია, მიუხედავად თანხაში გამოსახული დადებითი სავაჭრო ბალანსისა. 2022 წელს, ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობამ 1.5 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტზე გავიდა 1 ტვტ.სთ, შედეგად წმინდა იმპორტმა 0.6 ტვტ.სთ შეადგინა“, - აღნიშნულია „გალტ & თაგარტის“ მიმოხილვაში.
ენერგეტიკის სექტორის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ფასები ბევრად ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე ექსპორტის.
„საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა 5.7 ცენტი შეადგინა 2022 წელს, რაც წლიური 5.5%-იანი ზრდაა, ხოლო ექსპორტირებული ელექტროენერგიის ფასი საშუალოდ 8.7 ცენტი იყო (+118.9% წ/წ). ბაზრის შიგნით ფასების ზომიერი ზრდის მიზეზი არის ელექტროენერგიის მიწოდებაში ჰიდროგენერაციის მაღალი წილი და იმპორტის ფასების შედარებით ზომიერი ზრდა. იმპორტის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები - რუსეთი და აზერბაიჯანი - მსოფლიო ბაზარზე თავად არიან ფასის დამწესებლები და საქართველოს შემთხვევაშიც, თავად განსაზღვრავენ მოწოდების ფასს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
„გალტ & თაგარტში“ აცხადებენ, რომ 2022 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 14.2 ტვტ.სთ შეადგინა. მათივე განმარტებით, მოხმარება წლის პირველ ნახევარში 9.8%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე ნახევარში 2.7%-ით შემცირდა.
„კლება უკავშირდება „ჯორჯიან მანგანეზის“, მეტალურგიული და მაინინგ კომპანიების წარმოების შემცირებას. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ძირითადად დაკმაყოფილდა ჰიდრო გენერაციით, რამაც ჯამური მიწოდების 68.3% შეადგინა. თბოსადგურების გენერაციით მოხმარების 21.5%, ხოლო იმპორტით მოხმარების 9.7% დააკმაყოფილა“, - აცხადებენ „გალტ & თაგარტში“.
მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 26.9 მგვტ. მათ შორის ყველაზე დიდი იყო 10 მეგავატი სიმძლავრის „ნაკრა ჰესი“, ყველაზე პატარა კი - 0.9 მგვტ „ბერალი ჰესი“.
2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 4.5 გიგავატი შეადგენდა, აქედან 3.4 გვტ. ჰესები იყო, 0.02 გვტ. ქარის ელექტროსადგური, ხოლო 1.1 გვტ. თბოელექტროსადგური. „გალტ & თაგარტში“ აცხადებენ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდაჭერის ახალი მექანიზმის - ფასთაშორისი ხელშეკრულების (CFD) დანერგვით, მოსალოდნელია ინვესტორების ინტერესის ზრდა და შესაბამისად ახალი სადგურების მშენებლობის ტემპის მატება.