LIVE

ზეწოლა, დაშინება - სესხის ამომღები კომპანიები კანონს კვლავ არღვევენ

14 თებ 202317:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 524
ზეწოლა, დაშინება - სესხის ამომღები კომპანიები კანონს კვლავ არღვევენ

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი დაიწერა იმის შესახებ, რომ სესხის ამომღები კომპანიები, მოვალის პოვნის მიზნით, მესამე პირებს, ანუ მოვალეების ახლობლებს ან ნათესავებს უკავშირდებიან და ზეწოლას ახდენენ.

"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში განმარტავს, რომ სესხის ამომღები კომპანიები ასეთი ქმედებით კანონს არღვევენ. 

მისი თქმით, სესხის ამომღები ორგანიზაციები ზოგჯერ ყოფილი სამართალდამცავებით არიან დაკომპლექტებული, რომლებიც მოვალის ოჯახის წევრების, ახლობლების თუ ნაცნობების დაშინებითა და მუქარით ცდილობენ მოვალეზე ინფორმაციის მოპოვებას.

"სესხის ამომღები კომპანიები, რომლებიც არც ბანკები არიან და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ცდილობენ გარკვეული თანხა მაინც ამოიღონ მოვალისგან. არის შემთხვევები, რომ ყოფილი სამართალდამცავები მუშაობენ, რომლები იარაღითაც მიდიან და აშინებენ მოქალაქეებს. ერთი სიტყვით, ახორციელებენ გარკვეულ მორალურ ზეწოლას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ სესხი, რომელსაც ვერ იხდიან, არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას უფლება აქვს დაარღვიოს კანონი და ყველას გააგებინოს მოვალის შესახებ", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

კეპულაძე ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტებისთვის ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულია ეთიკის კოდექსი, რომელიც მსგავს საკითხებს არეგულირებს.

"ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულია ეთიკის კოდექსი, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველა ფინანსური ინსტიტუტისთვის და მათ შორის სესხის ამომღები კომპანიებისთვისაც. შესაბამისად, მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ მიმართონ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს, კერძოდ პერსონალური მონაცემების დაცვის განყოფილებას და ისინი მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ცნობისთვის, სესხის ამომღები კომპანიები მსესხებლის ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო გასულ წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ არაერთხელ დაჯარიმებულან.