
უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცებისთვის სესხის გადავადებისა და მათი გარდაცვალების ან დასახიჩრების შემთხვევაში, ვალის ჩამოწერის რუსული სქემა რუსეთში დარჩენილ უცხოელ კრედიტორებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, რამდენიმე ევროპული ბანკი, მათ შორის ავსტრიული Raiffeisen Bank International და იტალიური UniCredit რუსეთში მუშაობას და ფულის შოვნას აგრძელებენ.
სესხის შეღავათების სქემამ გარდა იმისა, რომ გამოიწვია კრიტიკა უკრაინის ცენტრალური ბანკისგან, რომელმაც Raiffeisen-ს და სხვა ბანკებს რუსეთში ბიზნესის შეწყვეტისკენ მოუწოდა, შეშფოთებას გამოთქვამენ ინვესტორებიც, რომლებიც ბანკების რეპუტაციულ ზიანს განიცდიან.
"კომპანიები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ", - ამბობს ნორვეგიის საპენსიო ფონდის KLP-ის ხელმძღვანელი კირან აზიზი, რომლის თქმით, არსებობს დიდი რისკი, რომ ბანკები შეიძლება გამოყენებულ იქნას ”ომის სხვა გზებით დასაფინანსებლად”. KLP-ის ფონდები ფლობენ წილებს როგორც Raiffeisen-ში, ასევე UniCredit-ში.
გასული წლის სექტემბერში, როდესაც რუსეთის პარლამენტი სამხედროების სესხების გადავადებას განიხილავდა, ქვედა პალატის გავლენიანმა სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ნათლად მიუთითა რუსეთისთვის სქემის მნიშვნელობაზე.
"ჯარისკაცები და ოფიცრები უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მათზე იზრუნებენ", - განაცხადა მან.
Nordea Asset Management-ის ინვესტიციების ხელმძღვანელი, ერიკ კრისტიან პედერსონი ამბობს, რომ ის ასევე შეშფოთებულია Raiffeisen-ისა და UniCredit-ის რუსეთში ყოფნით.
"მოთხოვნა, რომ ბანკებმა ჯარისკაცებს სესხები გადაუვადონ ასახავს საშიშროებას, რომ ისინი მოქმედებენ იურისდიქციებში, სადაც კომპანიები შეიძლება აიძულონ... აიძულონ ისეთი ქმედებები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ კორპორაციულ ღირებულებებს", - ამბობს პედერსონი.
მისივე თქმით, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, კომპანიების რუსეთიდან გაყვანა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
Refinitiv-ის მონაცემების თანახმად, Nordea ასევე ფლობს აქციებს UniCredit-ში.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის 21 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ბანკებმა სამხედრო პერსონალისთვის ან მათი ოჯახის წევრებისთვის 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 167,600 სესხის რესტრუქტურიზაცია მოახდინეს.
Raiffeisen-ის განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებულმა სესხის მორატორიუმმა ბანკის რუსული სესხების მხოლოდ 0.2%-ზე იქონია ზეგავლენა, რაც მისი თქმით, უმნიშვნელო თანხაა. ბანკში რუსული სესხები თითქმის 9 მილიარდი ევროს შეადგენს.