LIVE

ეკონომისტები წელს რუსეთში ინვესტიციების კლებას ელიან

13 თებ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 430
ეკონომისტები წელს რუსეთში ინვესტიციების კლებას ელიან

რუსეთი ცდილობს გაექცეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ვლადიმერ პუტინის ოც წელზე ხანგრძლივი მართვის პერიოდში ქვეყანას ყველაზე ღრმა რეცესიისკენ მიაქანებს.  

რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ბიზნესის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გასულ წელს გაზარდა ინვესტიციები, ან შეინარჩუნა არსებული დონე. შესაძლოა ამით აიხსნას, თუ რატომ შემცირდა გამომუშავება მხოლოდ 2%-ით, ნაცვლად ეკონომიკური კოლაფსისა, რომელსაც რუსეთს ომის შემდეგ უწინასწარმეტყველებდნენ.

მსხვილ თუ მცირე კომპანიებს მოუწიათ თანხების გაღება იმისათვის, რომ უცხოური საქონელი და პროგრამული უზრუნველყოფა ჩაენაცვლებინათ ან შეექმნათ ახალი მიწოდების ჯაჭვები ალტერნატიულ ბაზრებზე გასასვლელად. ეკონომისტები მოელოდნენ, რომ კაპიტალური ხარჯები 20%-მდე შემცირდებოდა, თუმცა ამის ნაცვლად, Bloomberg Economics-ის თანახმად, 2022 წელს ის 6%-ით გაზარდა.

თუმცა, რამდენადაც ექსპორტის მკაცრი შეზღუდვები აფერხებს კრემლის შემოსავალს, მომავალი კიდევ უფრო საშიშია ინვესტიციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკი და რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო სტაბილურობის პერიოდს ან მხოლოდ მცირე ვარდნას პროგნოზირებენ, Bloomberg Economics-ის პროგნოზით, ძირითად კაპიტალში ინვესტიციები 2023 წელს 5%-ით შემცირდება, რაც მნიშვნელოვანი შეფერხება იქნება ეკონომიკისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 1.5%-ით შემცირდება.

როდესაც რუსეთი სანქციებით გამოწვეულ დეფიციტის გამკლავებას ცდილობდა, გაჩნდა ახალი კერძო ინიციატივები, რომელთაგან ბევრი სახელმწიფო სესხებითა თუ სუბსიდიებით იყო მხარდაჭერილი.

ეკონომისტების პროგნოზით, კორპორაციული შემოსავლების შემცირება და სანქციების ზეწოლა შეაჩერებს იმპულსს და ხელს შეუწყობს გაურკვევლობას, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ხარჯების შემცირებას.