LIVE

აშშ რუსული ალუმინის იმპორტზე 200%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

07 თებ 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 331
აშშ რუსული ალუმინის იმპორტზე 200%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს აფართოებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ის რუსული ალუმინის იმპორტზე 200%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის. 

"ეს არის ის, რასაც განვიხილავთ", - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ტარიფის გაზრდის შესახებ განცხადება ამ კვირაში მოსალოდნელი არ არის.

რუსეთი მსოფლიოში ალუმინის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია. აშშ-ის მხრიდან ეს ნაბიჯი თვეების განმავლობაში განიხილებოდა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აფასებს, როგორ აისახება ის სხვადასხვა ინდუსტრიაზე, მათ შორის საჰაერო კოსმოსურ და საავტომობილო ქარხნებზე.  

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის პარალელურად, აშშ და ევროკავშირი ცდილობს შეასუსტოს რუსეთის, როგორც გლობალური მიმწოდებლის როლი. ევროკავშირმა აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და საწვავის იმპორტი.  

ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო მინიშნება, რომ ევროკავშირი რუსულ ალუმინზე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს.   

შეერთებული შტატები ახლა გაცილებით ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ ალუმინზე, ვიდრე ხუთი წლის უკან იყო. გასულ წელს მისი იმპორტი 443 მილიონ ფუნტამდე შემცირდა. რუსული ალუმინი ახლა აშშ-ის იმპორტის მხოლოდ 3%-ს შეადგენს. 

2018 წელს შეერთებულმა შტატებმა ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე, ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად, გლობალური ალუმინის იმპორტზე 10%-იანი ტარიფი დააწესა. ეს ტარიფი ეხება რუსულ პროდუქციასაც. გამონაკლისია, ზოგიერთი სხვა ქვეყანა, რომლებმაც ვაშინგტონთან კვოტებსა და დაცვის შეთანხმებებზე მოილაპარაკეს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა კანადა, რომელზეც ახლა აშშ-ის ალუმინის იმპორტის დაახლოებით ნახევარი მოდის.