LIVE

გოჩა ჩხაიძე: ჩვენი ექსპორტის 70% რუსეთზე მოდის, სხვა ბაზრებზე გასვლას ვცდილობთ

04 თებ 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1392
გოჩა ჩხაიძე: ჩვენი ექსპორტის 70% რუსეთზე მოდის, სხვა ბაზრებზე გასვლას ვცდილობთ

"ასკანელის" დამფუძნებლის გოჩა ჩხაიძის თქმით, ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიცირებისა და შესაბამისად, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისთვის, მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლება. 

როგორც გოჩა ჩხაიძემ "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ განმარტა, "ასკანელის" ექსპორტის 70% რუსეთზე მოდის და კომპანია ალტერნატიული ბაზრების მოძიებას ცდილობს.

"25 წელია რაც არსებობს "ასკანელი" და ამდენივე წელია, რაც ვცდილობთ სხვა ბაზრებზე გასვლას. ამიტომაც, კომპანიის სახელით საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტები, მეღვინეები და კრიტიკოსები მოვიწვიეთ. ოთხი დღის განმავლობაში ისინი დარჩებიან ჩვენს ქვეყანაში და დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს. შემდეგ დაბრუნდებიან სამსახურებში და ჩვენზე დაწერენ. ეს დაეხმარება ქართულ ღვინოს, რომ მისი ცნობადობა ამაღლდეს და ამის მთავარი მიზანიც სწორედ ბაზრების დივერსიფიცირება გახლავთ. ერთ ბაზარზე დამოკიდებულება რისკია, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დახლები დიდ ქსელებში. თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მთლიანად სექტორში გაიზარდოს ხარისხი. სხვანაირად არაფერი გამოვა", - ამბობს გოჩა ჩხაიძე. 

რაც შეეხება ექსპორტის მოცულობას, როგორც გოჩა ჩხაიძე აღნიშნავს, 2022 წელს "ასკანელის" ღვინის ექსპორტმა 13.5 მლნ. დოლარი შეადგინა. კომპანიის დამფუძნებელი ელის, რომ მიმდინარე წელს გაყიდვები გაიზრდება, მათ შორის მზარდია მოთხოვნა რუსეთის ბაზრიდან.

ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება კვლავ მაღალია. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველომ ექსპორტზე ჯამში 232.6 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რომლის 64.5% რუსეთში გაიყიდა.