
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის პრობლემა კვლავ აქტუალურია.
„ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას ნარმანიამ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის მაღალი მოხმარების შედეგად, ქსელები დატვირთვას ვერ უძლებს, რაც ავარიების გამომწვევი მიზეზი ხდება.
„სვანეთში მოხმარება კვლავ მაღალია, რომლის ერთი ნაწილი რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმით, რომ ახალი ობიექტები აშენდა და მათი ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა, თუმცა გარკვეული ნაწილი კვლავ მაინინგთან არის დაკავშირებული. ამიტომ, არსებული ქსელები და სისტემა დატვირთვას ვერ უძლებს. შესაბამისად, არის ცალკეული შემთხვევები, როცა ხდება ავარიები, ან ელექტროენერგიის გათიშვა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ ერთხელ აქტუალური ახალი წლის წინა დღეებში გახდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა, ხოლო საბაგიროები გამოირთო. აღნიშნულის მიზეზი კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარება იყო. თავის მხრივ კი სვანეთში აქტიურ მაინინგს ის გარემოება განაპირობებს, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.