LIVE

ელ. კომერციის სექტორში IT სპეციალისტების დეფიციტია

04 თებ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
ელ. კომერციის სექტორში IT სპეციალისტების დეფიციტია

ელექტრონული კომერციის სექტორში კვალიფიციური კადრები დეფიციტზე საუბრობენ. კომპანიებს განსაკუთრებულად უჭირთ IT სპეციალისტების ან ისეთი პროფესიონალების მოძიება, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებში ერკვევიან.

"IT და ტექნოლოგიური სპეციალისტების დეფიციტს განვიცდით, ბაზრები გაიხსნა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იმუშაონ საზღვარგარეთ, ეს კი ქმნის გარკვეულ დეფიციტებს, თუმცა ვებრძვით ამ ყველაფერს აქტიურად, გვაქვს თითოეულ თანამშრომელთან დაკავშირებით განვითარების გეგმა, ვზრუნავთ რომ შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას კომპანია TNET-ის დირექტორი, გიორგი ჩუმაშვილი. 

როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, კვლავ გამოწვევად რჩება ლოგისტიკური პრობლემები. მიწოდების ჯაჭვებს შორის არსებული ხარვეზების ფონზე იქმნება შეფერხებები, რაც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის მიწოდებას აფერხებს. ამას ემატება ისიც, რომ ქართველ მეწარმეებს არ აქვთ სათანადო ცოდნა პროდუქტის ელექტრონულად გასაყიდად, რათა მათი განცხადებები საძიებო ველში იოლად მოიძებნოს.

Galt & Taggart-ის თანახმად, საქართველოში ელექტრონული კომერციის წილი საცალო ვაჭრობის თითქმის ყველა სეგმენტში 3%-ზე ნაკლებია. თუმცა, საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ადგილობრივი ელ. კომერციის ბაზრის ზომა 2025 წლამდე 1.1 მლრდ ლარამდე გაიზრდება, ამასთან მოიმატებს სექტორის მიმართ ნდობის ფაქტორიც.