Toyota Motor Corp-მა 2022 წელს 10.5 მილიონი ავტომობილი გაყიდა. ავტომწარმოებელი ზედიზედ მესამე წელია მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლის სტატუსს ინარჩუნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიპებთან დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვის პრობლემები ინდუსტრიისთვის გამოწვევად რჩება, როგორც იაპონური ავტომწარმოებელი ამბობს, აზიის ბაზარზე არსებული ძლიერი მოთხოვნა და წარმოების სიმძლავრე, 2022 წელს კომპანიას წარმოების 5%-იან ზრდაში მაინც დაეხმარა. ამიტომ, გასული წლის ნოემბერში Toyota-მ თავისი წარმოების პროგნოზები გააუმჯობესა და მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის 9.2 მილიონის ნაცვლად, 9.7 მილიონი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს.
მეორე ადგილზე მყოფმა კონკურენტმა Volkswagen Group-მა კი, ამ თვის დასაწყისში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი გაყიდვები დააფიქსირა, 8.3 მილიონი ავტომობილით. მიზეზი ჩინეთში COVID-19-ის გამო გამოწვეული საზღვრების ჩაკეტვა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემებია.