
გერმანია უკრაინისთვის 14 ერთეულ Leopard 2-ის მიწოდებას დათანხმდა. გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკები ბუნდესვერის შეიარაღებული ძალების მარაგიდან გაიგზავნება. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ განცხადებაში წერს.
ამასთან, გერმანია მოკავშირეებს ნებას რთავს, რომ უკრაინას Leopard 2 მათაც მიაწოდონ.
ოლაფ შოლცის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დასავლეთის მიერ, უკრაინის მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა.
"საერთაშორისო დონეზე მჭიდროდ კოორდინირებულად და შეთანხმებულად ვმოქმედებთ" , - ამბობს შოლცი.
გერმანიის გადაწყვეტილება უკვე მოიწონეს ევროპის ქვეყნების ნაწილმა, კერძოდ, პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა. შოლცის განცხადებას სწორი გადაწყვეტილება უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმაც.
გერმანიაში რუსეთის საელჩოს განცხადებით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ ბერლინის გადაწყვეტილება "უკიდურესად საშიშია" და კონფლიქტის "ახალ დონეზე" ესკალაციას გამოიწვევს.
გუშინ გერმანულმა გამოცემამ Spiegel-ი გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.