
ავსტრალიაში პოლიტიკოსები და სიძულვილის ენის საწინააღმდეგო ჯგუფები მთავრობისგან მოითხოვენ, რომ კანიე უესტი ქვეყანაში არ შეუშვან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რეპერი ავსტრალიაში ვიზიტს გეგმავდა.
ავსტრალიის ცილისწამების საწინააღმდეგო კომისიამ იეს "სიძულვილის მქადაგებელი" უწოდა და თქვა, რომ ის ქვეყანაში არ უნდა შეუშვან.
"მისი ყოფნა საშიშია, რადგან ეს მას მისცემს პლატფორმას, გაავრცელოს თავისი ანტიებრაული პროპაგანდა", - განაცხადა ცილისწამების საწინააღმდეგო კომისიის თავმჯდომარემ, დვირ აბრამოვიჩმა.
გასულ წელს რეპერმა გააკეთა საკამათო განცხადებები, მათ შორის, გამოაქვეყნა ანტისემიტური პოსტები სოციალურ მედიაში. ამის გამო, რეპერი Twitter-სა და Instagram-ზე დაიბლოკა.
იმავე მიზეზით, მასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს ცნობილმა ბრენდებმა Balenciaga-მ, Gap-მა, და Adidas-მა.
Forbes-ის ინფორმაციით, რეპერის და დიზაინერის $1,5-მილიარდიან ქონებაში უდიდესი წილი Adidas-თან პარტნიორობაზე მოდიოდა. ამის გამო, მისი ქონება $400 მილიონამდე შემცირდა. შესაბამისად, ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში აღარ შედის.
ავსტრალიამ ქვეყანაში საკამათო პირები რამდენჯერმე არ შეუშვა. მათ შორის იყო ცნობილი რეპერი სნუპ დოგი.
გავრცელებული ინფორმაციით, იე ავსტრალიაში ჩასვლას თავისი ახალი მეუღლის, ბიანკა ჩენსორის მშობლებთან შესახვედრად გეგმავდა.
იმიგრაციის მინისტრის სპიკერის თქმით, მთავრობა ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარს არ აკეთებს. მისი განცხადებით, ავსტრალიის მოქალაქეობის არმქონე ყველა პირი უნდა აკმაყოფილებდეს მიგრაციის აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.