LIVE

Bank of America-ს კლიენტების ანგარიშებიდან თანხები გაქრა - მათ შორის არიან ქართველებიც

20 იან 202314:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1035
Bank of America-ს კლიენტების ანგარიშებიდან თანხები გაქრა - მათ შორის არიან ქართველებიც

უმსხვილესი ამერიკული ბანკის, Bank of America-ს მომხმარებლების ნაწილს ანგარიშებიდან თანხები გაუქრათ, მათ რიგებში ასობით ქართველიცაა.

პრობლემა უკავშირდება შიდა გადარიცხვის სისტემა Zelle-ს, რომელიც ამერიკაში ბანკთა შორის თანხის გადარიცხვის მარტივი და სწრაფი საშუალებაა.

"ამერიკელ მომხმარებლებთან ერთად, ეს პრობლემა ბევრ ქართველსაც შეეხო, ზოგიერთს ანგარიშზე უჩვენებდა, რომ ბალანსი მინუსში გადაუვიდა, ბანკი გვეუბნება რომ პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა კვლავ რჩებიან ისეთი მომხმარებლები, რომელთა ანგარიშზე თანხები ჯერ არ ასახულა," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას, Bank of America-ს მომხმარებელი, მარი სმარტი. 

ამბავს ამ დრომდე საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელებში, ათასობით უკმაყოფილო ადამიანი ვიდეო მიმართვებს აქვეყნებს ბანკის მისამართით და თანხების უკან დაბრუნებას ითხოვს. მთელი დღის განმავლობაში რიგები არ წყდებოდა ბანკის ფილიალებთან. ამ მომენტისთვის, მომხმარებელთა ნაწილს თანხები ანგარიშზე უკვე დაუბრუნდა, თუმცა კვლავ რჩებიან ისეთები, რომლებსაც კუთვნილი თანხა არ მიუღიათ. 

მას შემდეგ, რაც თანხების ანგარიშიდან გაქრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, Bank of America-მ განცხადება გაავრცელა და მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა. 

"Zelle-ს ტრანზაქციები, რომელიც 14-დან 17 იანვრის ჩათვლით განხორციელდა იგვიანებს და ეს არის მიზეზი ანგარიშიდან თანხის შეფერხებით ასახვის, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და თანხები უკან დაგიბრუნდებათ," - ნათქვამია Bank of America-ს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ამ ხარვეზის შემდეგ ძალიან მალე ტვიტერზე ამერიკელმა სენატორმა ელიზაბეტ ვორენმა განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მომხმარებლებს Zelle-ს ჩართულობით ანგარიშიდან თანხები გაუქრათ.

სენატორი მიუთითებდა 4 ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე, სადაც საუბარია 190 000-ზე მეტ შემთხვევაზე, როდესაც თაღლითური ტრანზაქციები სწორედ Zelle-ს ჩართულობით განხორციელდა. გასულ წელს 214 მილიონი დოლარის ტრანზაქცია შესრულდა და უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლებს თანხები უკან არ დაუბრუნდათ. როგორც სენატორი აღნიშნავს, თავად Zelle-ს ამ საკითხზე პასუხისმგებლობა არ აუღია და კომენტარი არ გაუკეთებია.