LIVE

2021 წელს ევროკავშირში მოხმარებული ენერგიის 22% განახლებადი იყო

28 იან 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 468
2021 წელს ევროკავშირში მოხმარებული ენერგიის 22% განახლებადი იყო

Eurostat-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ევროკავშირში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი ენერგიის მთლიან მოხმარებაში 21.8% იყო. ისტორიაში პირველად, აღნიშნული მაჩვენებლის კლება დაფიქსირდა და ის 2020 წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

თუ გადავხედავთ ევროკავშირის 2030 წლისთვის დასახულ მიზანს, რომლის მიხედვითაც ამ პერიოდში განახლებადი ენერგიის მოხმარების წილმა 32% უნდა შეადგინოს, ფაქტობრივი მაჩვენებელი მიზანს საკმაოდ ჩამორჩება. აქედან გამომდინარე, ქვეყნებმა ამ მიმართულებით თავიანთი ძალისხმევა უნდა გააძლიერონ. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ 2021 წელს ევროკომისიამ განახლებადი ენერგიის დირექტივაში შესწორებაც შეიტანა და დოკუმენტი მიზნად ისახავს 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის მოხმარების წილის 40%-მდე გაზრდას.

შვედეთი კვლავ ლიდერია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილით. ქვეყანაში მოხმარებული ენერგიის ნახევარზე მეტი, 62.6% სწორედ განახლებად ენერგიაზე მოდის. ძირითადად გამოყენებულია ბიომასის, ჰიდრო, ქარის, სითბოს ტუმბოების და თხევადი ბიოსაწვავის ნაზავი. რეიტინგში დაწინაურებულია ფინეთი (განახლებადი ენერგიის წილი 43.1%) და ლატვიაც (42.1%), რომლებიც ძირითადად ბიომასას და ჰიდრო ენერგიას იყენებენ. ესტონეთში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი 37.6%-ია, ავსტრიაში 36.4%, ხოლო დანიაში 34.7%.

განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი საშუალოზე დაბალ ნიშნულზეა. ჯამში, მსგავს მდგომარეობაშია ევროკავშირის 27 წევრიდან 15 ქვეყანა. მათ შორისაა ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, უნგრეთი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი და სლოვაკეთი.

2021 წელს განახლებადი ენერგიის ყველაზე დაბალი პროპორციები დაფიქსირდა ლუქსემბურგში (11.7%), მალტაში (12.2%), ნიდერლანდებში (12.3%), ირლანდიაში (12.5%) და ბელგიაში (13%).

გარდა იმისა, რომ 2021 წელს COVID-19 შეზღუდვების მოხსნა ენერგიის მოხმარების ზრდაზე პირდაპირ აისახა და აღნიშნულმა განახლებადი ენერგიის წილიც შეამცირა, ამ უკანასკნელზე გავლენა იქონია დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილებაც.