LIVE

ევროკავშირში რეკორდულად გაიზარდა ბანკირების რიცხვი, რომლებმაც €1 მილიონზე მეტი გამოიმუშავეს

22 იან 202315:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 316
ევროკავშირში რეკორდულად გაიზარდა ბანკირების რიცხვი, რომლებმაც €1 მილიონზე მეტი გამოიმუშავეს

ევროკავშირში რეკორდულად გაიზარდა იმ ბანკირების რიცხვი, რომლებიც წელიწადში 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. European Banking Authority (EBA)-ს თანახმად, 2020 წელს ასეთი ბანკირების რაოდენობა 1 383 იყო, 2021 წელს კი მათი რიცხვი 41.5%-ით გაიზარდა და 1 957 შეადგინა.

მონაცემები არ მოიცავს გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც 2020 წელს ევროკავშირის დატოვების შემდეგ მთავარ ფინანსურ ცენტრად რჩება.

ორგანიზაცია მსგავს კვლევას 2010 წლიდან ატარებს და ამ დროის განმავლობაში, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ევროკავშირის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბანკირი ესპანეთიდანაა. ორგანიზაციამ მისი ვინაობა არ გაამჟღავნა, მაგრამ აღნიშნა, რომ ბანკირმა 14-დან 15 მილიონ ევრომდე გამოიმუშავა.  

მაღალანაზღაურებადი ბანკირების რიცხვის რეკორდული მატება ფასიანი ქაღალდების ფირმების შემოსავლის მკვეთრ ზრდას და ბრექსიტის შემდეგ, საინვესტიციო ბანკების მიერ თანამშრომლების ბლოკში გადაყვანას უკავშირდება. 

პოსტპანდემიურ 2021 წელს გლობალური ბანკები ცდილობდნენ მიეზიდათ კვალიფიციური ბანკირები, რათა მიეღოთ რჩევები როგორც ვაჭრობაზე, ასევე, შერწყმასა თუ აქცია-ობლიგაციების გამოშვებაზე. ეს ტენდენცია შეიცვალა 2022 წელს, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გლობალური გავლენა მოჰყვა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 2022 წელს ბანკირების ბონუსებიც ნაკლები იქნება.