LIVE

ტრეფიკ თრეველი: გიდის სტატუსი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიენიჭოთ

22 იან 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 510
ტრეფიკ თრეველი: გიდის სტატუსი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიენიჭოთ

ტურიზმის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, გიდის სტატუსი შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე ფიზიკურ პირებსაც მიენიჭოთ, რასაც კერძო სექტორის ნაწილი ეწინააღმდეგება.

როგორც "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, განვითარებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებს გიდის სტატუსი არ უნდა მიენიჭოთ. 

"ბოლო თვეებში რუსებმა საქართველოში ასობით ბიზნესი დაარეგისტრირეს, მათ შორის აქვთ საკუთარი ტურისტული კომპანიები და უკვე დაიწყეს მუშაობა გამყვან ტურიზმზე. მათთვის ტურისტული გიდის სტატუსის მინიჭება ასე მარტივი არაა, რადგან საქმე ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას. გიდი ვალდებულია, იცოდეს საქართველოს ისტორია, იყოს კვალიფიციური კადრი. მეეჭვება რუსმა გიდმა ოკუპაციის მუზეუმიდან ტურისტებს ისე მოუყვეს ყველაფერი აგრესორ რუსეთზე, როგორც ეს სინამდვილეშია. ამიტომ, არასწორია მათთვის გიდის სტატუსის მინიჭება. ვის აძლევს სახელმწიფო ტურისტული გიდის სტატუს და ვის არა, რა კრიტერიუმებით განსაზღვრას აღნიშნულს? - ჯერ ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი და მერე ვიმსჯელოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გიდის სტატუსი მინიჭებაზე", - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე. 

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის შესახებ ახალი კანონი ტურისტული გიდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სრულად ცვლის, თუმცა მათთვის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება. გათვალისწინებულია ოფიციალური სამკერდე მოწმობის შემოღებაც, მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე კი, სერტიფიცირებული გიდებისთვის ​შესვლა უფასო იქნება.