
Genesis Global Capital მიმდინარე კვირაში გაკოტრების განაცხადის გაკეთებისთვის ემზადება. ამის შესახებ Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს.
ლიკვიდურობის შემცირების ფონზე, Digital Currency Group-ის კრიპტოვალუტის დაკრედიტების განყოფილება სხვადასხვა კრედიტორ ჯგუფთან კონფიდენციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. იქამდე Bloomberg წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი ინვესტიციას ვერ მოიზიდავს, შესაძლოა, გაკოტრების განაცხადის გაკეთება მოუწიოს.
კომპანია მუშაობს რესტრუქტურიზაციის გეგმაზე. Bloomberg-ის მიერ ნანახი წერილების თანახმად, DCG-მ განუცხადა აქციონერებს, რომ, დაზოგვის მიზნით, აჩერებს კვარტალური დივიდენდების გაცემას.
Genesis Global Capital-ის წარმომადგენლებს უახლეს ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
ამასთან, DCG-ის საკუთრებაში მყოფმა კრიპტოვალუტის შესახებ საინფორმაციო საიტმა CoinDesk-მა გუშინ Bloomberg-ს დაუდასტურა, რომ ფინანსური მრჩეველი Lazard ეხმარება რამდენიმე ვარიანტის შემუშავებაში, მათ შორის განიხილება მისი ნაწილობრივი ან სრული გაყიდვა.
Genesis-ის მფლობელ, ვენჩურული კაპიტალის კომპანია Digital Currency Group (DCG)-ზე ფინანსური ზეწოლა ჰეჯ-ფონდის Three Arrows Capital-ის დაშლის შემდეგ დაიწყო.
ნოემბერში, FTX-ის მიერ გაკოტრების გამოცხადებიდან მალევე, Genesis-მა შეაჩერა თანხების გატანა.
მე-2 უმსხვილესი კრიპტობირჟის ჩამოშლამ ასევე დიდი გავლენა მოახდინა კიდევ ერთ ბირჟაზე - Gemini Trust-ზე, რომელსაც მართავენ კამერონი და ტაილერ ვინკლევოსი. შეჩერდა Gemini Earn - სერვისი, რომელიც Gemini-ის მომხმარებლებს სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს.