LIVE

როგორია გადახდისუუნარობის ახალი კანონის შედეგები?

27 იან 202316:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1674
როგორია გადახდისუუნარობის ახალი კანონის შედეგები?

2021 წლის 1 აპრილიდან გადახდისუუნარობის ძველი კანონმდებლობა, რომელიც მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდებოდა, გადახდისუუნარობის ახალმა კანონმა ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ძველი კანონი ვერ უწყობდა ხელს სიცოცხლისუნარიანი ბიზნესების რეაბილიტაციას, გადახდისუუნარობის საქმეების ეფექტიანად გადაწყვეტასა თუ კრედიტორთა სამართლიან რიგითობას. ამ ხარვეზების ფონზე ახალი კანონის მიმართ დიდი მოლოდინი გაჩნდა. ამდენად, მისი მიღებიდან თითქმის ორი წლის თავზე კანონის შედეგებზე მსჯელობა მნიშვნელოვანია.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ საქართველოში გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ მომზადებულ ბლოგში, სხვადასხვა ინდიკატორების საფუძველზე, მიმოხილულია რეფორმის შედეგები, ასევე წარმოდგენილია გადახდისუუნარობის სფეროს ექსპერტთა მოსაზრებები.

სასამართლო საქმეთა რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის ecourt-ge-ს ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ კანონის ამოქმედებიდან დღემდე სასამართლოს სულ 80-ჯერ მიმართეს გადახდისუუნარობის საქმეთა წამოსაწყებად, რაც ძველი კანონით რეგულირებული შესადარისი პერიოდის ანალოგიურ მონაცემს (151) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. არსებული 80 მიმართვიდან გადახდისუუნარობის საქმე 31 შემთხვევაში წამოიწყეს. აქედან 35%-ის შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმი გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციით წამოწყებული გადახდისუუნარობის საქმეთა წილი წინა საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, შესადარის პერიოდში, მხოლოდ 10%-ს შეადგენდა.

ჯამურად, ახალი კანონის ფარგლებში რეაბილიტაციის გეგმა 7 ფირმის შემთხვევაში დამტკიცდა. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა „ჯორჯიან ეარვეისია“. იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორის, „ჯორჯიან ეარვეისის“ გადახდისუუნარობის საქმის პრაქტიკოსის, გიორგი ბათლიძის განცხადებით, გადახდისუუნარობის ახალი კანონის გარეშე „ჯორჯიან ეარვეისი“ გაკოტრდებოდა, რადგან ძველი კანონით რეაბილიტაცია მხოლოდ ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, რისი რესურსიც ავიაკომპანიას არ გააჩნდა.

„ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად რეაბილიტაციის გეგმა დამტკიცდა შპს „სახალხო აფთიაქის“ შემთხვევაშიც. აღნიშნული საქმის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის, ნიკოლოზ აბუთიძის განცხადებით, კომპანიას „...ჯამურად 500-მდე კრედიტორი ჰყავს და 12 მლნ ლარის დავალიანება გააჩნია. კომპანიას უკვე მოახლოებული ჰქონდა ფინანსური ვალდებულებების გადახდის ვადა, თუმცა ამისთვის შესაბამისი აქტივები არ გააჩნდა. ახლა კომპანიის ვალდებულებები 5 წელზე გადანაწილდა და ის აგრძელებს მუშაობას.“

ფირმათა რეაბილიტაციის შემთხვევებთან ერთად ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს წარმატების კიდევ ერთი მაჩვენებელი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შემცირებული ხანგრძლივობაა. ecourt.ge-ს ანალიზით ვლინდება, რომ 2019-2022 წლებში დასრულებული გადახდისუუნარობის საქმეების საშუალო ხანგრძლივობა 4.3 წლიდან 4.8 წლამდე მერყეობდა. ახალი კანონის მიღების შედეგად ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი არ შემცირებულა, ძირითადად ძველი კანონით რეგულირებული საქმეების ხარჯზე. ახალი კანონით რეგულირებული დასრულებული საქმეების საშუალო ხანგრძლივობა კი ჯამურად 8.6 თვეს, ანუ 0.72 წელს შეადგენდა, რაც დადებითი დინამიკის მაჩვენებელია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა მიმდინარეობდა რეაბილიტაციის რეჟიმით. 19 წამოწყებული გაკოტრების საქმიდან 17 კი ჯერ ისევ მიმდინარე და დაუსრულებელია.

ზემოთ მოცემულ ინდიკატორებში დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ამ ეტაპზე, გადახდისუუნარობის რეფორმის ეფექტების სრულფასოვნად შეფასება მაინც არ შეგვიძლია. სრული სურათისთვის საინტერესოა, როგორ შეიცვლება ფირმების სასამართლოში მიმართვიანობის მაჩვენებელი. ასევე საყურადღებოა, რამდენად სტაბილურად მაღალი დარჩება რეაბილიტაციის რეჟიმით წამოწყებული გადახდისუუნარობის საქმეების წილი. აგრეთვე არსებითია თუ როგორ შეიცვლება დასრულებული გადახდისუუნარობის საქმეების საშუალო ხანგრძლივობა მიმდინარე გაკოტრების საქმეების ფონზე. 

ავტორები: მარიამ ტიტვინიძე, ნუცა შუბაშვილი, ლევან თევდორაძე, მერი ჯულაყიძე

ბლოგის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზემისი მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ინტერნიუსი საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. ბლოგის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის პოზიციას.