რუსული ხორბალი ისევ ძვირდება. მიზეზი მწარმოებელი ქვეყნის მიერ 15 თებერვლიდან დაწესებული კვოტები და საექსპორტო გადასახადის ზრდაა, რომელიც 15 მარტიდან ტონაზე უკვე 50 ევროს მიაღწევს.
ამასობაში, დასასრულს უახლოვდება ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 15 ლარიან სხვაობას ფარავს, პურზე ფასის შენარჩუნების მიზნით. შესაბამისად, თუკი სუბსიდირების პროგრამა აღარ გაგრძელდება, ფქვილის ფასი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება.
„როგორც კი გამოცხადდა ამ გადასახადის შესახებ, ბაზარმა ეს მიიღო როგორც განგაშის საფუძველი და ბიზნესმა რაც შეიძლებოდა მეტი ხორბალი შემოიტანა. ვფიქრობთ, რომ აპრილის შემდეგ, რუსეთი ამ გადასახადს ცოტა უფრო შეღავათიანს გახდის. რუსეთში, შიდა ბაზარზე ხორბლის ფასი ეცემა, რადგან ხორბალი ექსპორტზე ვეღარ გააქვს. ამიტომ ფქვილის წარმოება და შემდგომ მისი ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში არის რეალური საფრთხე. ფასის მხრივ, ეს ფქვილი უფრო შეღავათიანი იქნება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი აქ ხარისხზეა, თუ რა ხარისხის ფქვილი შემოვა ქვეყანაში“, განაცხადა ფოთის მარცხვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელმა ქეთევან კუბლაშვილმა.
ბოლო თვეების განმავლობაში, ხორბალზე გაზრდილი ფასის გამო, მუდმივად მზარდი იყო ფქვილის ფასიც, რაც ცხადია, გავლენას ახდენს პურის ფასზეც. სწორედ პურზე ფასის შესანარჩუნებლად, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების ოთხთვიანი პროგრამა აამოქმედა, რომელიც მარტის ბოლომდე გრძელდება. სუბსიდირებულ და არასუბსიდირებულ ფქვილს შორის ფასის სხვაობა, ამ ეტაპზე, ტომარაზე 15 ლარს აღწევს და ერთი ტომარა არასუბსიდირებული ფქვილის ფასი 68 ლარია. ასე რომ, რომ არა სუბსიდირების პროგრამა, დღეს პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არასტაბულური ეკონომიკური პარტნიორია, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბაზრების დივერსიფიცირებაზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს.