LIVE

გარდაცვლილი ჯარისკაცების კომპენსაციამ რუსეთში სიღარიბე შეამცირა

21 იან 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 427
გარდაცვლილი ჯარისკაცების კომპენსაციამ რუსეთში სიღარიბე შეამცირა
EPA-EFE

Bloomberg Economics-ის თანახმად, რუსეთში სოციალური შეღავათების ზრდამ მოსახლეობის უღარიბესი ნაწილის შემოსავლები გაზარდა. ახლა რუსეთი ბიუჯეტის დაახლოებით ორ მესამედს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფს.

„სახელმწიფოს სამიზნე ღარიბები და სიღარიბესთან მიახლოებული ფენაა. საშუალო ფენისთვის ასეთი მესიჯია: „მშვიდობით, თქვენ თქვენთვის ხართ“, - ამბობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის რეგიონების ეკონომიკის სპეციალისტი ნატალია ზუბარევიჩი.

ამ მიდგომამ ხელი შეუწყო საარსებო მინიმუმის მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობას შემცირებას. 2022 წლის მესამე კვარტლის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მათი რიცხვი, ერთ წელში, 700 000-ით შემცირდა. ამ ჯგუფში ის ადამიანები შედიან, რომელთა შემოსავალი თვეში დაახლოებით $186-ზე ნაკლებია. 

„სოციალური და სამხედრო ხარჯების ზრდა, ნავთობის და გაზის შემოსავლების კლებასთან ერთად, წელს რუსეთის ბიუჯეტის ბალანსს უჩვეულოდ მყიფეს გახდის“, - ამბობს რუსი ეკონომისტი, ალექსანდრე ისაკოვი. 

გასული წლის მეორე ნახევარში რუსეთმა 1 ტრილიონ რუბლზე ($15 მილიარდი) მეტი დახარჯა ბავშვიანი ოჯახების დასახმარებლად და დაახლოებით 400 მილიარდ რუბლზე მეტი პენსიებზე. რუსეთის ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ 2023 წელს ეს თანხა გაორმაგდება.

Bloomberg Economics-ის გამოთვლებით, სამხედრო მოსამსახურეებზე, მათ შორის მოხალისეებსა და მობილიზებულ ადამიანებზე დანახარჯები შეიძლება წელიწადში დაახლოებით 1,1 ტრილიონ რუბლს აღწევდეს.  

”ხალხი მთლიანობაში ღარიბდება, მაგრამ ღარიბები სულ უფრო მცირდებიან”, - ამბობს ეკონომისტი ევგენი გონტმახერი. 

მისივე თქმით, ომის შედეგად რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა საშუალო ფენა ისე გაანადგურა, რომ ის ახლა მოსახლეობის არაუმეტეს 10%-ს შეადგენს. ასობით ათასი ადამიანი, ვისაც ქვეყნის დატოვების საშუალება ჰქონდა, ორ ტალღის ფარგლებში, რუსეთიდან გაიქცა და ქონება და სამუშაო ადგილი მიატოვა. 

სოციალური დახმარებით, რუსეთის მთავრობა ცდილობს სტიმული მისცეს ხალხს, რომ შეუერთდნენ უკრაინაში რუსეთის ომს.

დეკემბრის ბოლოს, პუტინმა უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის 5 მილიონი რუბლის გადახდის ბრძანება გასცა. ეს თანხა რუსეთის ბევრ რაიონში ბინის შესაძენად საკმარისია. ვეტერანები, რომლებმაც ომში მიიღეს დაზიანება ან ტრავმა, 3 მილიონ რუბლს მიიღებენ. 

რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ასევე ავრცელებს რეკლამებს და სამხედრო კონტრაქტებს წარმოაჩენს, როგორც გამდიდრების სქემას.

ზუბარევიჩის თქმით, ადამიანები ხშირად მიდიან ომში სიღარიბის გამო. „ეს არის განთავისუფლების საშუალება“, - ამბობს ანალიტიკოსი.