LIVE

2022 წელს ადგილობრივებმა, ტურისტებმა და მიგრანტებმა ₾33 მლრდ დახარჯეს - Tbc capital

12 იან 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 358
2022 წელს ადგილობრივებმა, ტურისტებმა და მიგრანტებმა ₾33 მლრდ დახარჯეს - Tbc capital

„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოში სამომხმარებლო სექტორის ბრუნვა 34%-ით გაიზარდა. შედეგად, ადგილობრივმა მოსახლეობამ, ტურისტებმა და მიგრანტებმა ჯამში 33 მილიარდი ლარი დახარჯეს.

მიგრანტების წვლილი ხარჯვაში შესამჩნევია, განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, რომლებიც დაბინავებასთანაა დაკავშირებული. 2022 წელს სამომხმარებლო სექტორის ბრუნვის 5% სწორედ მიგრანტებზე მოდის, ხოლო 2023 წელს მიგრანტების კონტრიბუცია 3%-მდე შემცირდება.

სამომხმარებლო სექტორის ბრუნვის ზრდის განმაპირობებლად „თიბისი კაპიტალი“ შემდეგ ფაქტორებს ასახელებს: ინფლაცია, მიგრაცია, გაზრდილი მობილობა, გაუმჯობესებული ტურისტული და ეკონომიკური აქტივობა.

უფრო დეტალურად, 2022 წელს სურსათსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე ჯამური ხარჯი 19.3 მილიარდი ლარია, რომლის 91% ადგილობრივ მოსახლეობაზე, 4% კი მიგრანტებზე მოდის. მეორე ადგილს იკავებს გარეთ კვება, რაზეც გასულ წელს 3.6 მილიარდი ლარი დაიხარჯა (55% ადგილობრივი მოსახლეობა, 6% მიგრანტები).

რაც შეეხება მიმდინარე წლის მოლოდინებს, "თიბისი კაპიტალის" თანახმად, 2023 წელს მიგრანტების ქცევა მეტად მიუახლოვდება ადგილობრივებისას, თუმცა, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებულ სექტორებში მათი წვლილი კვლავ მნიშვნელოვანი იქნება.

მიმოხილვის თანახმად, 2023 წელს სამომხმარებლო სექტორში ფიზიკური პირების მიერ განპირობებული ბრუნვა 36 მილიარდი ლარი იქნება.