
82 წლის ამერიკელი ვეტერანი და Walmart-ის მოლარე უორენ მარიონი, დონორების გულუხვობის წყალობით, საბოლოოდ შეძლებს პენსიაზე გავიდეს.
მამაკაცმა გასულ კვირას ონლაინ დონორებისგან $108,682-იანი ჩეკი მიიღო.
დონაციის კამპანიას მცირე ბიზნესის მფლობელმა, რორი მაკკარტიმ უხელმძღვანელა. მან მამაკაცისთვის თანხის შესაგროვებლად პლატფორმა GoFundMe გამოიყენა. მაკკარტის TikTok-ზე 300 000 მიმდევარი ჰყავს. 82 წლის მოლარესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ 3 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
მისი ინსპირაციის წყარო მსგავსი შემთხვევა გახდა. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს წყალობით, გულუხვი დონაცია იქამდე Walmart-ის 82 წლის სხვა თანამშრომელმა მიიღო.
GoFundMe-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მაკკარტი ამბობს, რომ მას სურდა დახმარებოდა მარიონს, აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანს და ქვრივს, "გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც სიამოვნებდა".
"როგორც ბიზნესის მფლობელი, გაოგნებული ვიყავი ამ პატარა ტანის ასაკოვანი მამაკაცით, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებდა", - ამბობს მაკკარტი.
კამპანია წარმატებული აღმოჩნდა. სამიზნე თანხა რამდენიმე დღეში შეგროვდა და ხალხი დონაციას კვლავ აგრძელებდა.
ადგილობრივ მედიასთან მარიონმა თქვა, რომ მიღებული თანხით ის სახლის სესხს დაფარავს და შვილების სანახავად ფლორიდაში გაემგზავრება.
"ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ღმერთმა დამლოცა იმისთვის, რაც ახალგაზრდობაში გავაკეთე", - ამბობს მარიონი.