LIVE

რუსული ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა

10 იან 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 614
რუსული ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა

ურალის ტიპის რუსული ნავთობი საერთაშორისო ფასის ნახევარზე ნაკლებ ფასად იყიდება. ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის მიერ დადგენილ ზედა ზღვარს - $60-ს. 

Argus Media-ს მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg წერს, რომ პარასკევს ბალტიის ზღვის პორტ პრიმორსკში ურალის ტიპის ნავთობი ბარელზე $37,80-ად ივაჭრებოდა. იმავე დღეს, ნავთობის გლობალური საორიენტაციო ბენჩმარკის, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი $78.57 იყო.

რთულია იმის განსაზღვრა თუ რით უპასუხებს რუსეთი ნავთობის ფასის ასეთ დაბალ დონეს. ერთი მხრივ, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს შემოსავლები, რათა დააფინანსოს ომი უკრაინაში, მაგრამ მეორე მხრივ, ფასის დაცემა მას აიძულებს, რომ შეამციროს წარმოება, რასაც არც აქამდე გამორიცხავდა. 

5 დეკემბერს ევროკავშირმა მთლიანად შეაჩერა რუსული საზღვაო ნავთობის იმპორტი. შესაბამისად, რუსეთმა ისტორიულად მთავარი საექსპორტო ბაზარი დაკარგა. პარალელურად, ბლოკი შეუერთდა „დიდი შვიდეულის“ ინდუსტრიული ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტს.

ფასების ვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ დაკარგული ევროპული ბაზარია, რადგან რუსეთის მსხვილი მყიდველების რიცხვი შემცირდა და ამ კატეგორიაში მას ჩინეთი და ინდოეთი შემორჩა. რუსეთის პორტებიდან ამ ქვეყნებში გადაზიდვის დიდი ხარჯის გამო, რუსეთს უწევს, რომ საქონელს ფასი დააკლოს, რათა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.