LIVE

ბრიტანეთიდან Virgin Orbit-ის თანამგზავრის გაშვების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

10 იან 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 598
ბრიტანეთიდან Virgin Orbit-ის თანამგზავრის გაშვების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
Matthew Horwood/Getty Images Europe

კორნუოლში მდებარე კოსმოდრომიდან მოდიფიცირებული Boeing 747-ით გაგზავნილმა Virgin Orbit-ის რაკეტამ პირველი ფრენის დროს ტექნიკური გაუმართაობა განიცადა, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა გაერთიანებული სამეფოს ამბიციებს, შეუერთდეს კოსმოსური მრეწველობის ქვეყნებს. ამ ფონზე Virgin Orbit Holdings-ის აქციები ფასი დაეცა.

Virgin Orbit-ის მოდიფიცირებული თვითმფრინავი Cosmic Girl, რომელზეც რაკეტა LauncherOne იყო განთავსებული, კოსმოსური პორტიდან ადგილობრივი დროით 22:02 საათზე აფრინდა. დაახლოებით 35 000 ფუტის (10 668 მეტრი) სიმაღლეზე რაკეტა წარმატებით განლაგდა და მთავარი ძრავა აანთო. შემდეგ ფრენის დროს მან უცნობი "ანომალია" განიცადა, რამაც მისიის ჩაშლა გამოიწვია.

შედეგად, უპილოტო რაკეტამ ვერ შეძლო მის მიერ გადატანილი თანამგზავრების ორბიტაზე განლაგება. თვითმფრინავის ეკიპაჟი პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა.

დაბნეულობა გამოიწვია Virgin Orbit-ის ნაადრევად გამოქვეყნებულმა ტვიტმა, რომ რაკეტამ ორბიტას მიაღწია. თუმცა, მოგვიანებით კომპანიამ განაცხადა, რომ "ანომალიამ" მისიას ხელი შეუშალა და წარმატების შესახებ პოსტი წაიშალა.

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსურ მისიებში წარუმატებლობა არ არის უჩვეულო, ამ კონკრეტული მცდელობის სამწუხარო შედეგს დამატებითი მნიშვნელობა აქვს. დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა პირველი ბრიტანული კოსმოსური პორტის ამოქმედების შესახებ ლიცენზია გასული წლის ბოლოს გასცა. კორნუოლში მდებარე კოსმოდრომი პირველია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ევროპაში.

Virgin Orbit-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ წარუმატებლობის მიუხედავად, ეს მცდელობა მაინც ”მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”.

Virgin Orbit-ის აქციები სამუშაო საათების შემდგომ ვაჭრობაში 25%-ით დაეცა.