LIVE

საქართველოში დასაქმებულთა 40% კვირაში 35 საათზე ნაკლებს მუშაობს

08 იან 202317:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 645
საქართველოში დასაქმებულთა 40% კვირაში 35 საათზე ნაკლებს მუშაობს
საქართველოში დასაქმებულთა თითქმის 40% არასრულ განაკვეთზე მუშაობს, ანუ კვირაში 35 საათზე ნაკლებს. ამ მაჩვენებლით საქართველო საშუალო და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. გლობალურად, 35 საათზე ნაკლებს კვირაში დასაქმებულთა მხოლოდ 20.3% მუშაობს, ხოლო 35%-ზე მეტი - კვირაში 48 საათზე მეტს უთმობს სამუშაოს. 
 
კვლევა, რომელიც მსოფლიოში სამუშაო დროის გადანაწილების, ასევე მუშაობასა და ცხოვრებას შორის ბალანსის (Work-Life Balance) დაცვის ტენდენციებს ასახავს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) გამოაქვეყნა. უახლეს კვლევაში წარმოდგენილია 2019 წლის მაჩვენებლები. 
 
კვლევაში გაანალიზებულია სამუშაო დროის შეუსაბამობა (working-time mismatch), ანუ სხვაობა დასაქმებულთა რეალურ სამუშაო საათებსა და სასურველ სამუშაო საათებს შორის. ზოგადად ითვლება, რომ რაც უფრო მაღალია ეს შეუსაბამობა, მით უფრო ნაკლებ კმაყოფილია დასაქმებული საკუთარი სამუშაოთი. ეს მაჩვენებელი გაანალიზებულია ორი კრიტერიუმით:
 
  1. Underemployment (არასაკმარისი დასაქმება), რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულს აქვს სურვილი და შესაძლებლობა იმუშაოს მეტი და შესაბამისად, გაზარდოს საკუთარი შემოსავალი;
  2. Overemployment (ზედმეტი დასაქმება), რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებული ისურვებდა შეამციროს საკუთარი სამუშაო საათები და სანაცვლოდ, თანახმაა ანაზღაურების შემცირებაზეც.
ამ პარამეტრებით საქართველოს შედეგები მოწმობს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა თითქმის 23% ისურვებდა ნახევარი განაკვეთიდან სრულ განაკვეთზე გადასვლას უკეთესი შემოსავლის მიღების მიზნით, ხოლო პირიქით გადაადგილების სურვილი - ანუ სამუშაო დროის შემცირება შემოსავლის შემცირების ფასად - მხოლოდ 7.4%-ს აქვს. შესაბამისად, საქართველოსთვის underemployment-ის საშუალო მაჩვენებელი 24.3-ია, მაშინ როცა გლობალური საშუალო - 8,2-ია, ხოლო საქართველოს ჯგუფის ქვეყნების საშუალო - 18,3.
 
გლობალურ დონეზე ტენდენცია პირიქითაა: მსოფლიოში დასაქმებულთა მხოლოდ 9% ისურვებდა სამუშაო საათების დამატებას ანაზღაურების ზრდის სანაცვლოდ, ხოლო 18.7%-ს პირიქით, სამუშაო საათების შემცირება სურს იმ შემთხვევაშიც, თუკი ამით მისი შემოსავალი შემცირდება. 
 
საგულისხმოა ისიც, რომ საშუალო და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში საქართველოს Underemployment-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ანუ დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა ჯამურ რიცხვთან შეფარდებით ყველაზე მეტ ადამიანს, 60%-ზე მეტს სურს გაზარდოს საკუთარი სამუშაო საათები მეტი ანაზღაურების სანაცვლოდ და ამავდროულად, ყველაზე ცოტა ადამიანს სურს შეამციროს საკუთარი სამუშაო საათები ანაზღაურების შემცირების პირობით. შესაბამისად, სამუშაო საათების ჯამური შეუსაბამობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მექსიკის, სამხრეთ აფრიკის, ფილიპინების, რუსეთის, სურინამის და ლიეტუვას პარალელურად.  
 
Overemployment-ის მაჩვენებელი ძირითადად უფრო მაღალია განვითარებულ ქვეყნებში, ანუ ამ ქვეყნებში დასაქმებულებს უფრო მეტად სურთ სამუშაო საათები შეიმცირონ შემოსავლის კლების სანაცვლოდ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში შეინიშნება. ასე მაგალითად, სამუშაო დროის შეუსაბამობის ყველაზე დაბალი ჯამური მაჩვენებლები აქვთ გერმანიას, შვედეთს, შვეიცარიას, ნორვეგიას და ფინეთს.