
გიგანტური თინუსი იაპონიაში, თევზის ბაზარში გამართულ ტრადიციულ აუქციონზე 36 მილიონ იენად გაიყიდა, რაც 275,000 დოლარის ექვივალენტია.
ტოკიოს ტოიოსუს თევზის ბაზარში გამართული ტრადიციული აუქციონი ბოლო ოთხ წელში პირველია, როცა თინუსზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ეს შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, იაპონელი მომხმარებელი რესტორნებს და ბარებს უბრუნდება.
ომაში, აომორის პრეფექტურაში დაჭერილი 212 კილოგრამიანი თინუსის ფასი თითო კილოგრამზე 170,000 იენი გამოვიდა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის პირველი აუქციონის ფასს. და მაინც, წლევანდელი ფასი 2019 წლის რეკორდს ჩამორჩება, როცა გიგანტური თინუსი სუშის რესტორნების ქსელის, Kiyoshi Kimura-ს მფლობელმა კომპანიამ 333.6 მილიონ იენად იყიდა.
მიმდინარე წლის გამხსნელი აუქციონის გამარჯვებული კი ზღვის პროდუქტების საბითუმო მოვაჭრე Yamayuki-ა, რომელიც აუქციონის მოგების მიზნით მიშლენის ვარსკვლავის მქონე სუშის რესტორნების ოპერატორთან, Onodera Group-თან გაერთიანდა. ეს კომპანია ზედიზედ სამი წელია გიგანტური თინუსის ტრადიციულ აუქციონს იგებს.
აუქციონზე მოგებული ნადავლი მოგვიანებით დანაწევრდება და მისგან მომზადებულ კერძებს, პირველ რიგში, ტოკიოს სავაჭრო უბანში, ომოტესანდოში მდებარე Onodera-ს სტუმრებს შესთავაზებენ.
გარდა ამისა, იგეგმება გიგანტური თინუსისგან მომზადებული კერძების შეთავაზება სხვა ქალაქებში მდებარე ლოკაციებზეც. მათ შორის ნიუ-იორკში და ლოს ანჯელესში, თუმცა ეს პრივილეგია გურმანებს იაფი არ დაუჯდებათ. ასე მაგალითად, ნიუ-იორკის რესტორანში, ჩემპიონი თინუსის დაგემოვნება კერძის მიხედვით $130-დან $450-მდე ეღირება.