LIVE

გერმანია ღიაა - როგორ გეგმავს დასავლეთი რუსული აქტივების კონფისკაციას

04 იან 202311:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 480
გერმანია ღიაა - როგორ გეგმავს დასავლეთი რუსული აქტივების კონფისკაციას
გერმანია მზადყოფნას გამოთქვამს იმისთვის, რომ მილიარდობით ევროს ღირებულების გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად მიმართოს, როგორც კი საკითხის ლეგალური მხარე მოგვარდება და მოკავშირეებთან, ანუ დიდი შვიდეულის წევრებთან შეთანხმება შედგება.
 
Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოლაფ შოლცის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის მოთხოვნას ომით მიყენებული ზიანის რუსული აქტივებით ანაზღაურებაზე, თუმცა საკითხი კომპლექსურია და ამ ეტაპზე, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. 
 
როგორც ირკვევა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი ასევე მომხრეა, რომ რუსეთმა გადაიხადოს საფასური უკრაინისთვის მიყენებული ზიანის გამო. მწვანეთა პარტიის ყოფილი ლიდერი, რომელიც კრემლის მიმართ უფრო მკაცრ ზომებს ლობირებს, მიიჩნევს, რომ საჭიროა რუსეთს გაყინული აქტივების ნაწილი მაინც ჩამოერთვას.
 
თუმცა, არის ცნობები იმასთან დაკავშირებითაც, რომ სიფრთხილეს იჩენს ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი, რომელიც პრო-ბიზნესურ პარტიას, თავისუფალ დემოკრატებს ხელმძღვანელობს. როგორც ირკვევა, ის შიშობს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაციამ ევროპული ერები და მათი მოკავშირეები შესაძლოა გამოუვალ სიტუაციაში აღმოაჩინოს. 
 
ეს შიდა უთანხმოება საერთაშორისო საზოგადოების უფრო ფართო გასაჭირს ასახავს იმ ნაწილში, რომ საერთო პოზიციაზე შეჯერება ჭიანურდება. თუ ოფიციალური ბერლინი შეძლებს, შიდა დონეზე მაინც გადაჭრას საკითხი, ეს მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ევროკავშირის მასშტაბით დისკუსიის გასააქტიურებლად და დამატებით წნეხს შექმნის აშშ-ზე, რომ რეალურად დაიწყოს რუსული აქტივების კონფისკაცია, მათ შორის აგრესორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებისაც. 
 
ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს €300 მილიარდის ღირებულების რეზერვები გაუყინეს. ევროკავშირმა ასევე დაბლოკა დაახლოებით €19 მილიარდის აქტივები, რომლებსაც სანქცირებული რუსი ბიზნესმენები ფლობდნენ, თუმცა ამ აქტივების ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია.
 
შიდა დისკუსიასთან დაკავშირებით გასაჯაროებული დეტალები მოწმობს, რომ რუსული აქტივების ჩამორთმევაზე დებატები თეორიას სცდება და განხორციელების ეტაპს უახლოვდება, თუმცა სირთულეები კვლავ არის. წყაროები ამბობენ, რომ შოლცი მზადაა ნებისმიერი ნაბიჯისთვის, რომელიც შეთანხმებული იქნება მოკავშირეებთან.
 
აგვისტოში მან რეპორტიორებს განუცხადა, რომ უკრაინის აღდგენას მილიარდები დასჭირდება, გონივრული გამოსავალი კი საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივად უნდა იპოვოს. 
 
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოძებნის ლეგალურ გზას რუსული აქტივების უკრაინის რეკონსტრუქციაზე მისამართავად. მან ისიც დასძინა, რომ გაერთიანება შეეცდება შექმნას სტრუქტურა ამ თანხების მენეჯმენტისთვის და კიევის სასარგებლოდ ინვესტირებისთვის. 
 
გასულ თვეში ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს სხვადასხვა ვარიანტები, თუ როგორ გამოიყენონ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად. ევროკავშირის ლიდერებმა ბლოკის აღმასრულებელ შტოს მოუწოდეს შეიქმნას დეტალური გეგმა ამ მიზნით, თუმცა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ აქტივების ჩამორთმევის ნებისმიერი ქმედება თანხვედრაში უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან.  
 
პარალელურად, აშშ კანონმდებლები ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ რუსული აქტივების ჩამორთმევა კანონის მიღებით უზრუნველყოს, რომელიც მსგავს ქმედებას მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში გახდის დასაშვებს. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ დრომდე უმკლავდება ამ მოთხოვნებს იმ არგუმენტით, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს აღარ მოუნდებათ საკუთარი აქტივების დაბანდება აშშ-ს სახაზინო ფასიან ქაღალდებში.
 
რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, თავისთავად, ძალიან იშვიათი ნაბიჯი იქნება, მაგრამ არა პირველი. სექტემბერში, აშშ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილ 3,5 მილიარდი დოლარის რეზერვებზე კონტროლის უფლება შვეიცარიაში ბაზირებული სამეთვალყურეო საბჭოსთვის გადაეცა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ არ დაუშვას თალიბანის წვდომა ამ თანხაზე.
 
ეს რეზერვები, რომელიც აშშ-მა მას შემდეგ გაყინა, რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი მოიპოვა 2021 წელს, მხოლოდ ოთხწევრიანი საერთაშორისო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში დაიხარჯება. სავარაუდოდ, მოკავშირეებს შორის თანხმობის მიღწევის შემთხვევაში, ასეთივე ან მსგავსი მექანიზმის ამოქმედება შეიძლება გაყინულ რუსულ აქტივებთან მიმართებაშიც, რათა ეს თანხა უკრაინის აღმშენებლობაზე დაიხარჯოს.